27 ნოემბერი 2026,   13:26
ვრცლად
ბატონ მამუკა მდინარაძეს მენეჯერობის საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს, ბევრჯერ დაასაბუთა, რომ გამორჩეულ მენეჯერულ თვისებებსა და საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ გამოცდილებას ფლობს - თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობას დაჩქარებული წესით განაგრძობს. დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის კანონპროექტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". ცვლილებების თანახმად, ქვეყანას ახალი სახელმწიფო მინისტრი ეყოლება, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ამ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც, პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოსტს ჩაიბარებს. ამავე სასესიო კვირაში პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გეკა გელაძეს დაამტკიცებს.

თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს სჭირდება ვიცე-პრემიერის სტატუსის მქონე პირი, რომელიც სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას ეფექტიან კოორდინაციას გაუწევს. შარმანაშვილის შეფასებით, მამუკა მდინარაძეს აქვს მნიშვნელოვანი მენეჯერული და პოლიტიკური გამოცდილება, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს აუცილებლად სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი ვიცე-პრემიერის რანგში, რომელიც კოორდინაციას მოახდენს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის და არა მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ექნება მას საქმეები, ის უნდა გავიდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებს გარეთაც და ურთიერთობა იქონიოს საქართველოს პროკურატურასთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, აუდიტის სამსახურთან, შემდეგ ამ ინფორმაციას ყველაფერს მოუყაროს თავი, გააანალიზოს და დასახოს მომავალი გეგმები, რომელიც დასძლევს საქართველოს წინაშე მდგომ ამოცანებსა და გამოწვევებს.

რაც შეეხება ბატონ მამუკას [მდინარაძე], ზედმეტი მტკიცება იმისა, რომ მას საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს მენეჯერობის, აქვს გამორჩეული მენეჯერული თვისებები, მან ეს ბევრჯერ დაასაბუთა, აქვს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, რომ ის მთელ ამ ძალისხმევას და გამოცდილებას მოახმარს ამ ურთულეს საქმეს - ამ სფეროს კოორდინაციას და წარმატებით გაართმევს თავს“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები