03 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
გახმაურებული საქმის პროკურორის დისკრედიტაციის მცდელობა და დაუსაბუთებელი ბრალდებები - საგამოძიებო უწყება "TV პირველს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი უკვე "კურიერის" ხელშია. დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ იმ 350 ათასი ლარით, რომლის მითვისებაშიც გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზაშვილი ბეჟან ბეჟუაშვილს ადანაშაულებენ, რეალურად, სასამართლოს მიერ ბიზნესდარღვევებთან დაკავშირებით დაკისრებული ჯარიმა ანაზღაურდა, სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავე პირების პატიმრობა კი პირობითი სასჯელით შეიცვალა.

თანხა რომ არავის მიუთვისებია, ამას კიდევ ერთი მოწმე, ლაშა ქორიძე ადასტურებს. დიდი ხნის ბიზნესპარტნიორს ბეჟან ბეჟუაშვილმა "კურიერის" კამერის წინ დაურეკა.

კონკრეტული დოკუმენტების მოპოვების შემდეგ, "კურიერი" თეიმურაზ ყარამაზაშვილის ადვოკატსაც დაუკავშირდა. ზურაბ თოდუა საქმის შინაარსობრივ განხილვაზე უარს ამბობს და ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უტყუარია.

რეპორტაჟი, რომლის თანახმადაც პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამა სხვა პირების კუთვნილ თანხასა და ქონებას ითვისებს, ტელეკომპანია "პირველმა" შაბათს გაავრცელა. ბეჟან ბეჟუაშვილის განცხადებით, მომზადებული მასალის მთავარი მიზანი მისი ქალიშვილის დისკრედიტაციაა, მით უმეტეს, რომ თამარ ბეჟუაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენების იმ ეპიზოდის პროკურორია, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შეჭრასა და ვერ შემდგარ სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება.

ბეჟუაშვილის გადაწყვეტილების საპასუხოდ, მოვისმინეთ ტელეკომპანია "პირველის" პოზიციაც. არხზე აცხადებენ, რომ მათი სიუჟეტი საჯარო მასალებსა და ბიზნესმენების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

რეპორტაჟში ერთ-ერთი რესპონდენტი ამტკიცებდა იმასაც, რომ მათ ბეჟან ბეჟუაშვილსა და მის მეუღლეს მანქანა შეუძინეს. "კურიერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტები ასახავს, როგორ იყიდა ბეჟუაშვილმა "ლექსუსისა" და "პორშეს" მარკის ავტომობილები საბანკო სესხის გამოყენებით.

გაჟღერდა კიდევ ერთი ბრალდება - თითქოს ბეჟან ბეჟუაშვილმა ყოფილი პარტნიორების, გიორგი ბერიშვილისა და თეიმურაზ ყარმაზაშვილის კუთვნილი 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიითვისა.

ამ დროს დოკუმენტები საპირისპიროს აჩვენებს - ირკვევა, რომ რეალურად ეს თანხა ბეჟუაშვილს არ აუღია; ის ბერიშვილისა და ყარამაზაშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ ის პირები, რომლებიც ბეჟუაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ, არაერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ - არიან მსჯავრდებულებიც და ბრალდებულებიც.

მაგალითად, გიორგი ბერიშვილს ბრალად ედება თაღლითობა, სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და დიდი ოდენობით გადასახადის განზრახ თავის არიდება.

თეიმურაზ ყარამაზაშვილს კი - საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და გადასახადის გადახდის გარეშე, რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის შემოტანა და მისი რეალიზაცია.

ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკვე მოჰყვა შეფასებები საპარლამენტო ჯგუფებში. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ბრალდებებს საფუძვლად პოლიტიკური მოტივი უდევს, კერძოდ - თამარ ბეჟუაშვილის იმიჯის შელახვა.

საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. უწყება მომზადებულ რეპორტაჟს დეზინფორმაციულს უწოდებს და მიზეზად გახმაურებული საქმის პროკურორის დისკრედიტაციის მცდელობას ასახელებს.

დღის ამბები