ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ევროპელი დიპლომატისგან ახსნა-განმარტება დიპლომატიური ეთიკის დარღვევის გამო მოისმინა. საგარეო უწყებამ ევროკავშირის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს, სამოქალაქო ომსა და სიღარიბეს დაუბრუნდება. ბრიუსელიდან მოვლენილი დიპლომატის ულტიმატუმი და ჰერჩინსკის თვალით დანახული ევროპული მომავლის მძიმე ალტერნატივა ოფიციალური თბილისისთვის პოლარიზების მცდელობა და რადიკალიზმის წახალისებაა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიუსელის ეს პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.
ოფიციალური თბილისის შეშფოთება მოისმინა, მწვავე კრიტიკაც მიიღო, თუმცა ევროკავშირის ელჩმა უწყება, 1 საათის შემდეგ, სპეციალური გასასვლელით ისე დატოვა, რომ მედიასთან არცერთი სიტყვა არ უთქვამს. პაველ ჰერჩინსკის დუმილი მოგვიანებით მისი წარმომადგენლობის განცხადებამ დაარღვია. გავრცელებული ტექსტით, ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. იმავე განცხადებაში არსად არის ნათქვამი, რომ დიპლომატი არა სტანდარტულ, არამედ საგანგებო შეხვედრაზე დაიბარეს.
ეჭვი, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოზე შეტევის ახალი ტალღა მზადდებოდა, სახელისუფლებო გუნდში ევროკავშირის საელჩოს ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოთქვეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბრიუსელის ელიტა, რომელიც მუდმივად რადიკალური პროცესების დაფინანსებითა და წახალისებითაა დაკავებული, ახლაც სამოქალაქო დაპირისპირების მკაფიო სურვილს გამოხატავს.
ის, რაც სახელისუფლებო გუნდისთვის შეტევა, შანტაჟი ან მუქარაა, ქვეყნის მხარდაჭერაა ბრიუსელის ცალკეულ ბიუროკრატებთან დაახლოებული ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტებს ჰერჩინსკის მიმართ კითხვები არ აქვთ, უფრო მეტიც, დღესაც სრულ ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებენ.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" კი მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია უნდა შეწყდეს ყველა იმ ელჩთან, რომელიც საქართველოში რადიკალიზმსა და დესტრუქციას ახალისებს.
ელჩების მტრული დამოკიდებულება და თავდასხმები საქართველოს ხელისუფლების თქმით, კონსტრუქციული დიალოგის წინაპირობა ვერასდროს გახდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტნიორობისთვის მთავარი აგრესიული რიტორიკისა და იერიშების შეწყვეტა, ასევე სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს შესახებ ნეგატიური განცხადება ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, რამდენიმე დღის წინ გააკეთა.