27 ნოემბერი 2026,   14:58
ვრცლად
რეგიონში არის ძალიან დიდი გამოწვევა უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, იქმნება სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, რომელიც გაუწევს კოორდინაციას ძალოვან უწყებებს - გურამ მაჭარაშვილი

"კომიტეტზე განვიხილავთ იმ საკითხს, რაც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით საკითხი კომიტეტმა პროცედურულად უნდა განიხილოს და კანონმდებლები საკითხის შინაარსობრივ ნაწილში არ შევლენ.

როგორც "ხალხის ძალის" ლიდერმა აღნიშნა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს:

"რაც შეეხება ზოგადად ამ საკადრო ცვლილებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები გუნდის შიგნითაც, "ქართულ ოცნებასთანაც." რასაც ვხედავთ, მათ შორის, პრემიერის განცხადებიდან არის ის, რომ რეგიონში განსაკუთრებით არის ძალიან დიდი გამოწვევა უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში, რასაც ვუყურებთ იქმნება სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, რომელიც გაუწევს კოორდინაციას ზოგადად ძალოვან უწყებებს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია უსაფრთხოების დაცვის ხარისხის დაცვა ქვეყანაში," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო.
მანამდე საპროცედურო კომიტეტმა სუს-ის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა. ამავე კვირაში დეპუტატები კენჭს უყრიან ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას, რომელსაც ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ჩაუდგება სათავეში. ასევე დაიწყება სუს-ის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების პროცედურაც. ამ თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრად კი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

დღის ამბები