27 ნოემბერი 2026,   15:24
ვრცლად
"ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს კონკრეტულ ელჩებთან ურთიერთობა გაწყვიტონ​

"ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს კონკრეტულ ელჩებთან ურთიერთობა გაწყვიტონ. პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კომუნიკაცია უნდა შეწყდეს იმ დიპლომატებთან, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოში რადიკალიზმს, დესტრუქციას და დანაშაულის წახალისებას ემსახურებიან.

მათივე თქმით, დიპლომატიური პრაქტიკაა ითვალისწინებს მსგავს ზომებს და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ის.

"ნეიტრალური საქართველოს" მტკიცებით, ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრული განწყობებით გამოირჩევიან.

"საქართველოში საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ. ამავდროულად ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან, დავალებებს აძლევენ და განაგებენ ქვეყნის მტერი ოპოზიციის ქმედებებს.

მათ არ შეიძლება ეწოდოთ დიპლომატები, ისინი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან, შესაბამისად მათთან ურთიერთობა საქართველოსთვის ზიანის მოტანისა და საფრთხის ზრდის მეტს არაფერს გამოიწვევს! ამიტომ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ და ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტონ. აუცილებლად მიგვაჩნია დიპლომატიური პრაქტიკიდან ასეთი ზომების გამოყენება ისე, როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები