04 აგვისტო 2026,   21:21
ვრცლად
წიგნის სამყაროს ცენტრად ქცეული პარიზი და საქართველო განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით - წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა - "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი საფრანგეთიდან

ლეგენდარული "გრან პალე" პარიზის წიგნის ფესტივალის მასპინძელია. მინის გუმბათის ქვეშ გაერთიანებული 100 000-ზე მეტი ადამიანი, კულტურებს შორის იმ ლიტერატურულ ხიდს წარმოადგენს, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. აქ წიგნები მხოლოდ თაროებზე არ დევს, ისინი მასშტაბურ დისკუსიებში ცოცხლდება და ასე ერწყმის 50 ქვეყნის ეროვნული იდენტობა გლობალურ კულტურას.

პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ყოველწლიურად ერთი საპატიო სტუმარი ჰყავს, ქვეყანა, რომელიც ფესტივალზე ყველაზე დიდი პავილიონით წარაგდება და მსოფლიოში ცნობილი გამომცემლებისა და მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.

საგანგებო სტუმრის სტატუსით პარიზის წიგნის ფესტივალზე წელს საქართველო წარსდგა. ეროვნული სტენდის კონცეფცია ალექსანდრე დიუმას წიგნის, "მოგზაურობა კავკასიაში" მოტივებზე აიგო - სლოგანით - " იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად." სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები მსოფლიო აუდიტორიას იმ ემოციებს უზიარებენ, რომლებიც მათ კიდევ დიდხანს გაჰყვებათ.

"აგორაზე," რომელიც ღონისძიებების მთავარი სცენაა და პირდაპირი ეთერით საფრანგეთის რამდენიმე არხზე გადაიცემა, ფესტივალის დირექტორმა პიერ-ივ ბერენგერმა და საფრანგეთის კულტურის მინისტრმა კატრინ პეგარიმ წიგნიერების ამოცანების განხილვის შემდეგ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს წარმომადგენლობას გადაუხადეს.

"საქმე იმაში კი არ არის რამდენად დიდი პავილიონით ვმონაწილეობთ, ამ დღეების მანძილზე ვიღებ უამრავ მადლობას ქართველი მწერლების, პოეტების, მთარგმნელების გამო. ეს დიდი გამარჯვებაა," - ამბობს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე.

საქართველოს მწერალთა სახლი პარიზში მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით იყო წარმოდგენილი.

ძმები ზდანევიჩების უნიკალური წერილებისა და ალბომის პრეზენტაციას ილია ზდანევიჩის შვილიშვილი დაესწრო:

"ქართველი ქალები, ანუ ამბები საქართველოდან" - ასე ჰქვია "რუსთავი 2-ის" გუნდის წევრების კინოდოკუმენტალისტების, თამარ მახარაძისა და მაია მაისურაძის ახალ წიგნს, რომლის ფრანგულმა თარგმანმაც განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა. საქართველოს ისტორიაში გაბნეული 33 ქალის ამბავი ის კალეოდოსკოპია, რომელიც ქალთა გაძლიერების გზაზე არაერთ მაგალითს გვთავაზობს:

ქართული ლიტერატურის წარსულსა და აწმყოზე დაფიქრებული უამრავი ადამიანის დანახვამ დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილს, მამის, რეზო თაბუკაშვილისა და მასთან ერთად სხვა სახელოვანი ქართველების ოცნება გაახსენა:

"მამაჩემი და სხვები ყოველთვის როცა ამ საოცარ ქალაქში მოხვდებოდნენ ოცნებობდნენ ამგვარ ყურადღებაზე, ეს პატარა ერის სურვილია, გაიგოს მის კულტურაზე მსოფლიომ…ძალიან სასიამოვნოა ეს რასაც ვხედავთ…"

ის, რაც ქართული კულტურის შესახებ ლიტერატურას დარჩა სათქმელი "სალ გავოში" - პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე მუსიკალურად წარმოადგინეს ქართველმა და ფრანგმა არტისტებმა. მსმენელის წინაშე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები: იანო ალიბეგაშვილი და გიორგი ანდღულაძე, მევიოლინე ლელა მჭედლიძე და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდული კაპელა წარდგნენ.

პროექტი "ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში", ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, მაყურებელს მეოცე საუკუნის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებებს და მის ევროპულ კონტექსტს აცნობს - საღამოზე საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებულმა ორკესტრმა ქართული შედევრები პირველად შეასრულა:

"ბედნიერი ვარ, რომ ქართველი სოლისტების და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაცია შედგა და ასეთი შედეგი მივიღეთ".

ქართული მუსიკის კონცერტის კულმინაციად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ავე-მარია იქცა, რომელიც ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.

ის ემოციები, რომლებიც გასული კვირის განმავლობაში ქართველმა ხელოვანებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს პარიზის წიგნის ფესტივალსა და "სალ გავოს" ლეგენდარულ დარბაზში გადასცეს, უკვე შეფასდა, როგორც პატარა ერის დიდი ლიტერატურული ოდისეა.

 

ავტორი: ზაკ მირიანაშვილი

დღის ამბები