06 აგვისტო 2026,   06:27
ვრცლად
2016-18 წლებში ზურაბ პატარაძე იკავებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება - მიხეილ ყაველაშვილი

"ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე" - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარაძეს წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე.  

"დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ბატონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარვუდგინე. აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე. ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

აღსანიშნავია, რომ 2016-18 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება. ასევე, ბატონ ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ ზურაბს, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო მას ახალ საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები