პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება, რომელზეც პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს მუშაობას.
მისი შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დამტკიცება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კიდევ უფრო გააძლიერებს:
"გლობალური დაპირისპირებების გამწვავება სახეზეა. უშიშროებასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პატარა ქვეყნები, რასაკვირველია, საქართველოც ამ გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს უნდა იქნეს დეკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს, რასაკვირველია, გააჩნია. პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. არსებობს ეკონომიკური ბლოკი, საერთაშორისო ურთიერთობათა ბლოკი, განათლების საკითხები. ამ მთლიან თემებს პრემიერ-მინისტრი წარმატებით ართმევს თავს. ყოველ შემთხვევაში, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ წარმატებით ართმევს თავს, მაგრამ ეს ნაწილი, რომელიც ეხება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას სახელმწიფოს დასაცავად, მისი უსაფრთხოების დასაცავად, იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე, პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. მომავალ კვირას დეპუტატები სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას დაამტკიცებენ, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ახალ თანამდებობასთან ერთად ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც. მომავალ კვირას იგეგმება სუს-ის ახალ ხელმძღვანელად გეკა გელაძის არჩევაც. რაც შეეხება, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს - ამ თანამდებობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ამ ეტაპზე ვაკანტურია აჭარის პირველი პირის პოსტი. მთავრობას ეყოლება მესამე ვიცე-პრემიერიც რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება.