საკანონმდებლო ორგანო საკადრო ცვლილებებზე მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. მომავალ კვირას პარლამენტი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას დაამტკიცებს, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
პარალელურად, იგეგმება სუს-ის ახალი ხელმძღვანელის, გეკა გელაძის არჩევის პროცედურების დაწყებაც. საკანონმდებლო ცვლილებებს დეპუტატები სამივე მოსმენით, სავარაუდოდ, ოთხშაბათს მიიღებენ, რის შემდეგაც მთავრობის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად შეუდგება მუშაობას.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს - ამ თანამდებობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ამ ეტაპზე ვაკანტურია აჭარის პირველი პირის პოსტი. შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძეს ახალ თანამდებობასთან ერთად ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ცვლილებები გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, მამუკა მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას. მან ასევე, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის.
"გააძლიერებს იგი ჩვენს გუნდს. ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას ასეთი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, მაგრამ, მან დაატყო თავისი ხელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - დაწყებული რეფორმები, მიმდინარე და დასრულებული საქმეები. შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძესაც გადავუხდით მადლობას, შეუძლებელია ადამიანმა ვერ დაინახოს ის მნიშვნელოვანი სისტემური წინსვლა, რომელიც მან ამ უმნიშვნელოვანეს სამინისტროში უზრუნველყო," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.