აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.
"აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ დღეს ბრიფინგზე ვისაუბრე.
როგორც აღვნიშნე, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე და რომელსაც ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება.
მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს და სულხან თამაზაშვილს გაწეული საქმიანობისა და მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის მადლობა გადავუხადე და ახალ პოზიციებზე წარმატებები ვუსურვე.
აღვნიშნე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ, მამუკა მდინარაძეს მოუწია, ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ახალი პოზიციიდან, ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს. გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღოს.
მამუკა მდინარაძეს გადავუხადე მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მამუკა მდინარაძეს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე.
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადე გეკა გელაძეს.
როგორც ბრიფინგზე განვაცხადე, გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხაზი გავუსვი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გეკა გელაძეს გადავუხადე მადლობა და წარმატებები ვუსურვე ახალ პოზიციაზე.
ასევე ხაზი გავუსვი სულხან თამაზაშვილის წარმატებულ საქმიანობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე.
ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ის არის ამ სისტემის სტაჟიანი წარმომადგენელი.
ბრიფინგზე ასევე აღვნიშნე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე დასახელდება.
საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება,"- წერს ირაკლი კობახიძე.