30 ნოემბერი 2026,   02:08
ვრცლად
"რატომ უკვირთ, თუ მათი ბელადი სააკაშვილი რაღაც პრეტენზიებს გამოთქვამს?! - სწორადაც გამოთქვამს, "ნაცმოძრაობის" გარეშე რას წარმოადგნენ?!" - ირაკლი ზარქუა

"ოპოზიციის ალიანსში" შემავალი 8 პარტიის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის 18 აპრილის განცხადებას ეხმაურება, მმართველ გუნდში აფასებენ. პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ არ უკვირს აღნიშნული ოპოზიციის წევრების მხრიდან ერთმანეთის მიმართ გამიჯვნა, რადგან, ზარქუას შეფასებით, მათ ერთმანეთი ესირცხვილებათ.

"ეს არის ჩვეულებრივად სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ალიანსი. რაც არ უნდა დაარქვან და მოიფიქრონ, დანარჩენი ვაშაძეები ჭანჭიკები არიან. ემიჯნებიან ერთმანეთს, იმიტომ, რომ ესირცხვილებათ ერთმანეთი. სააკაშვილი ამათთვის მიუღებელია, ისევე, როგორც სააკაშვილი არ თმობს ბელადობას და, ბუნებრივია, ამ იწილო-ბიწილოში, რა ერთიანობაზეა საუბარი?! - ეს იმათმა იკითხონ, ვინც აფინანსებს ამათ და ვინც დაუკვეთა, რომ ახალი რაღაც პლატფორმა შექმნან - ლუზერების პლატფორმა. რატომ უკვირთ, თუ მათი ბელადი სააკაშვილი რაღაც პრეტენზიებს გამოთქვამს?! - სწორადაც გამოთქვამს, "ნაცმოძრაობის" გარეშე რას წარმოადგნენ?! - არაფერს.

ეს არის იგივე ხელწერა, რაც ჰქონდათ "ნაცებს" იმ რეჟიმის დროს. ეს არის სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა, ეს არის მართლმადიდებლობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, რითაც იყვნენ ისინი დაკავებული ძირითადად," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ემიჯნება, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს. ექსპრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველების გზა რევოლუციაა, ოპოზიცია კომფორტულ ტელესტუდიებსა და "Facebook-ბაბლს" არ სცდება, ხალხთან კავშირს ვერ ამყარებს, მათი არჩეული ლოზუნგების პოლიტიკა კი კრახით სრულდება.

ალიანსში შემავალი 8 პარტია სააკაშვილის განცხადებას პერსონალურ თავდასხმად აფასებს და ახსენებს, რომ არავის არ აქვს უფლება თავი ერთპიროვნულ ლიდერად გამოაცხადოს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ეს პოზიცია ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები