18 ივნისი 2026,   13:11
ვრცლად
ბულგარელმა ხალხმა ქვეყნის მართვა ისევ ყოფილი პრეზიდენტის პარტიას მიანდო - რუმენ რადევს და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ბულგარელმა ხალხმა ბოლო 5 წელიწადში არჩევანი მერვედ გააკეთა და ქვეყნის მართვა ისევ ყოფილი პრეზიდენტის პარტიას მიანდო. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რუმენ რადევის მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, "პროგრესული ბულგარეთი", ამომრჩეველთა ხმების 44.59% მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. რადევმა, რომელიც ევროსკეპტიკურადაა განწყობილი და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგია, არჩევნები მორალის გამარჯვებად შეაფასა.

ევროპას კი ბულგარეთში თავისი მისია და მიზნები ჰქონდა - კოალიციური მთავრობა ხელისუფლების სათავეში. ევრობიუროკრატიისგან გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისზე საერთაშორისო მედია დიდი ხანია წერს. მიზეზად "ვაშინგტონ პოსტი" სწორედ ვერშემდგარ კოალიციურ მთავრობებს ასახელებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით კი, სწორედ ამან გამოიწვია საარჩევნო პროცესის მიმართ მოქალაქეების უნდობლობა. მედია წერს, რომ ევროპული ბიუროკრატიის ჩარევამ, ე.წ. პლურალიზმმა და ხელოვნურად თავსმოხვეულმა მრავალპარტიულობამ, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. სწორედ სპეცსამსახურების მიერ შემუშავებულ პროპაგანდაზე გააკეთა აქცენტი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც.

ბულგარეთში ევრობიუროკრატების ფარულ მიზნებს ვერ ხედავს მიხეილ სააკაშვილის პარტია. "ნეიტრალურ საქართველოში" კი ღიად ამბობენ, რომ ევრობიუროკრატია ბულგარეთში ისევე დამარცხდა, როგორც საქართველოში.

"არჩევანი გაკეთდა ადამიანზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები" - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება ბულგარეთის არჩევნების შედეგებზე. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ვინც "დიფ სთეითის" დავალებებს არ ასრულებს, მას პრორუსად აცხადებენ და ასე მოხდა რუმენ რადევის შემთხვევაშიც.

რუმენ რადევი და მისი გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან მილოცვებს იღებს. მას წარმატებები უსურვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ადასტურებს მზაობას, უფრო გააძლიეროს ბულგარეთთან არსებული მრავალწლიანი მეგობრობა და გააღრმაოს პარტნიორობა. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ არჩევნებში გამარჯვება ბულგარელი ხალხისთვის მუდმივი პროგრესისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება.

დღის ამბები