"გონივრული და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის ფუნდამენტია. რაც უფრო ძლიერია ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები, მით უკეთესად უმკლავდება იგი საგარეო შოკებს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ International Monetary Fund-ისა და World Bank Group-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართული დისკუსიისას განაცხადა.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უფრო რთული გამოწვევა გახდა, ვინაიდან მაღალი გაურკვევლობის პირობებში გახშირდა მიწოდების მხრიდან მოქმედი ინფლაციური შოკები.
მისივე თქმით, ამ პირობებში მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ საბაზო სცენარის, არამედ მოსალოდნელი რისკ სცენარების ანალიზიც და რისკების მართვის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.
"სწორედ ამ მიზეზით, 2025 წლის დასაწყისიდან, ჩვენ ოფიციალურად გადავედით მონეტარული პოლიტიკის შემუშავებისას რისკების მართვის მიდგომაზე“, - დასძინა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, სსფ-ის მიერ ორგანიზებული მსგავსი დისკუსიები კარგი შესაძლებლობაა, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გაცვალონ მოსაზრებები, თუ როგორ გახადონ თავიანთი პოლიტიკა უფრო ეფექტიანი ისეთ გარემოში, სადაც იზრდება რისკები და არაპროგნოზირებადობა.