უკვე მეორე დღეა, მსოფლიო ყურადღების ცენტრში თურქეთი და ანტალიის დიპლომატიური ფორუმია. ღონისძიებას 155 ქვეყნის, 20-ზე მეტი სახელმწიფო მეთაური, 52 საგარეო საქმეთა მინისტრი და დეპუტატები ესწრებიან. ფორუმზე, საქართველოს მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სიტყვით ლიდერების წინაშე გუშინ, 17 აპრილს წარსდგა.
პრემიერი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც მთავარი თემა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები იყო. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე და შუა დერეფნის პოტენციალზე.
პრემიერმა გაიმართა შეხვედრა ეუთოს გენ მდივანთანაც. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა. მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასია: რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება.
"საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს. მისი გადარჩენის ერთადერთი
გზა დიპლომატია იყო. რამდენიმე იმპერია გაქრა, მაგრამ საქართველო კვლავ არსებობს. ამიტომ, გვწამს დიპლომატიის, მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის შევუწყობთ ხელს დიპლომატიას.
ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა და ახლა სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის.
მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას.
ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. მშვიდობა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 პროცენტი იყო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8.4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში.
ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებლის საფუძველია ბიზნესის კეთების სიმარტივე. საერთაშორისო ინდექსების მიხედვით, მოწინავე ადგილზე ვართ. ასევე, ბიუროკრატიის ჭრილში კარგი მაჩვენებლები გვაქვს.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადების ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, განვახორციელოთ მსხვილი პროექტები, როგორებიცაა მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის წარმატების გასაღები," - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე