ფერად ბუშტებში მოთავსებული "მეთადონი", უკრაინის მოქალაქეს საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული. ნარკოტიკის დასადებად მიმავალი ქალი პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციით შეაჩერა და გაჩხრიკა.
პირადი ჩხრეკის შემდეგ, პოლიცია, ბუშტებში დამალული ნარკოტიკის სამალავების კვალზეც გავიდა. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ახალგაზრდა ქალმა სამართალდამცველები იმ ადგილებთან მიიყვანა, სადაც "მეთადონი" უკვე დადებული ჰქონდა. გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი 10-მდე სამალავიდანაა ამოღებული.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული ნატალია უსატაა, ის საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა და სოფელ ქვიტირში, სასტუმროში დაბინავდა.
ნომერში, სადაც 26 წლის ქალი დროებით ცხოვრობდა, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. სასტუმროს ადმინისტრატორმა "კურიერთან" გაიხსენა, რომ სამართალდამცველებმა ნატალია უსატას ნომრიდან დალუქულ მდგომარეობაში კონკრეტული ნივთმტკიცებები გაიტანეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი დევს კიდევ ერთი დაკავებული ქალის საქმეში, ისიც უკრაინის მოქალაქეა და ქუთაისში ქირით ცხოვრობდა.
"კურიერის" ინფორმაციით, ვერონიკა მარიჩენკო ე.წ. დამდები იყო. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი ნიკეას ქუჩაზე, "მეთადონის" გაყიდვის ხელშეწყობისთვის დააკავეს.
იმერეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ქალები ახლა დუმილის უფლებას იყენებენ. ორივე მათგანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა ედება ბრალად.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ყოველდღიურად ატარებენ. დაკავებულების უმეტესობა ე.წ. დამდების მეთოდით მოქმედებდნენ, სხვადასხვა დასახელებისა და სხვადასხვა რაოდენობის ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილებში ტოვებდნენ. ასეთი სამალავებიდან, ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკები ამოიღო.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა.
ნარკოდანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.