"ქრონიკის" ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
"იმედის“ ცნობით, საქართველოში დაგეგმილი შესაძლო არეულობის სცენარზე ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებას მონაცემები, მათ შორის, უცხოელი კოლეგებისგანაც აქვს მიღებული და აღნიშნულ საკითხზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს.
რაც შეეხება იგორ ბლაჟევიჩს, "ქრონიკისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მან ოპოზიციას ათზე მეტი ტრენინგი ჩაუტარა და კონკრეტული დავალებებიც მისცა. არსებული ინფორმაციით, ამ ტრენინგს, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდა ორგანიზაცია "ფარის" დამფუძნებელი.
თემაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
"გარკვეული პერიოდულობით ყოველთვის იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ატრენინგებდნენ გარკვეულ ჯგუფებს. ჩვენ ვნახეთ, დატრენინგებულმა ჯგუფებმა როგორი არეულობები მოაწყვეს პარლამენტის წინ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ეს ადამიანი წარმოადგენს, 2025 წელს, ტრამპის ბრძანებით, ძალიან შეუზღუდეს დაფინანსება, რომელიც მას ჰქონდა აშშ-დან. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდაც შეუჩერეს. ასე რომ, ასეთი ადამიანები ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ თავშესაფარს ეძებენ ოპოზიციურ ძალებში.
ჩვენს ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ საზღვარგარეთ ძებნას იმ მიზეზების, თუ რატომ აგებენ არჩევნებს და რატომაც არ არიან დღეს ხელისუფლებაში, ეს მიზეზები საქართველოში მოძებნონ და იმ ხალხში, რომელიც მათ მხარს აღარ უჭერს უკვე ძალიან დიდი ხანია," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ავტორი: ნანა გოგატაძე