"პური ჩვენი არსობისა" - ეს სიტყვები ჩვენს მთავარ ქრისტიანულ ლოცვაშია. რატომ გახდა პური სიცოცხლის სიმბოლო. ეს მარცვლეული კულტურა არამხოლოდ საყოფაცხოვრებო, არამედ სიმბოლური და მითოლოგიური არქეტიპია, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების გზის სიმბოლოც. პური, როგორც სარიტუალო ტრაპეზის ნაწილი. ბიბლიური სასწაულის მიხედვით, ქრისტემ ხომ 5 პურით რამდენიმე ათასი ადამიანი დააპურა.
ამ მარცვლეულ კულტურას ხშირად ბერძნულ და რომაულ ზღაპრებსა და გამოცანებშიც მოიხსენიებდნენ, როგორც სიცხოცხლის საზრისს. იყენებდნენ მომავლის წინასწარმეტყველებისთვისაც.
პური დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. პროდუქტი, რომლის წარმოშობის ისტორიაც სულ მცირე 30 000 წელს ითვლის.
მეცნიერული კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში დაიწყეს წყლით და უხეშად დაფქვილი მარცვლეულის შერევით მიღებული მასის გახურებულ ქვებზე მომზადება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი პური ადამიანებმა სრულიად შემთხვევით მიიღეს. პურმა პრეისტორიული ხანიდან დღემდე ხანგრძლივი გზა განვლო. ამ დროში კი პურის მომზადების პროცესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაირია.
პირველი პური, რომელშიც არც ბუნებრივი და არც ხელოვნური საფუარი არ იყო გარეული, იყო ბრტყელი და მაგარი. მეცნიერების ვარაუდით პურის დედოზე ცხობა კი დაახლოებით 5,000 წლის წინ დაიწყო. პურის დედოზე დამზადების პროცესში, ცომში ჰაერში არსებული საფუარის ბაქტერიები მრავლდება და ისინი უზრუნველყოფენ ცომის გაფუებას. ეს ხანგრძლივი პროცესია, რადგან ამ დროს ჯანსაღი ბაქტერიების სელექცია ხდება.
დროთა განმავლობაში დედო, პურის ხაშზე, ანუ დამჟავებულ ცომზე ცხობის წარმოებამ ჩაანაცვლა. დღეს მთელ მსოფლიოში პური ამ პროცესით ცხვება.
მსოფლიო ისტორიაში უცნობია, კონკრეტულად ვინ და როდის გამოიყენა პირველად ხელოვნური საფუარი, თუმცა მის ფართოდ გამოყენებას ანტიკური ეგვიპტის მცხობელებამდე მივყავართ. ინდუსტრიული საფუარი დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება პურფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანიებში, რადგან ის პურს ფუმფულას და რბილს ხდის.
უძველეს ხანაში მარცვლეულს ადამიანები ქვის დახმარებით ხელით ფქვავდნენ. შედეგად იღებდნენ ნახევრად მთელი მარცვლეულისაგან მომზადებულ პურეულს, რომელიც არ იყო ქათქათა თეთრი.
დროთა განმავლობაში, მარცვლეულის დაფქვის ტექნოლოგია განვითარდა და დაიხვეწა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ პურზე მოთხოვნა გაიზარდა. საფქვავი ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა თავად ფქვილიც და საბოლოოდ მივიღეთ წმინდად დაფქვილი თეთრი ფქვილი.
ეს მარცვლეული კულტურა მთელ მსოფლიოში ყველაზე ხელმისწავდომი და პოპულარული საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტი გახდა, ფესვები წარსულშია. პური ეგვიპტური კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო.
ძველ ეგვიპტეში პური უმნიშვნელოვანესი, ძირითადი საკვები იყო, რომელიც ყოველდღიურად მოიხმარებოდა. მას ხშირად ამზადებდნენ ხორბლისა და ქერისგან, ზოგჯერ კი ფინიკის წვენთან ერთად, რაც ლუდის წარმოების საფუძველიც იყო. პური იყო როგორც ღარიბების, ისე მდიდართა რაციონის საფუძველი, რომელსაც ხშირად ხახვთან, ნიორთან და ხილთან ერთად მიირთმევდნენ.
პური იმდენად ფუნდამენტური იყო, რომ მას ხშირად უხდიდნენ მუშებსა და ხელოსნებს ხელფასის სახით.
არსებობდა სხვადასხვა ფორმისა და შემადგენლობის პური, მათ შორის ტკბილი და სპეციალური სახეობები, რომლებიც ტაძრებში მიჰქონდათ.
პურის გამოცხობა ეგვიპტელებმა დახვეწეს და მასიური წარმოება დაიწყეს, რითაც სხვებს უსწრებდნენ.
საქართველო პურის და ღვინის ქვეყანაა. პური საქართველოში ოდითგანვე ცხვებოდა. ამას კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში აღმოჩენილი უძველესი პურის თონე და ჩარხი ადასტურებს. ძველ წყაროებში პური შესაწირავი იყო. ამასთანავე, კახეთში შემორჩენილია ხორბლის ზედაშეები, რისგანაც სარიტუალო პურებს აცხობდნენ.
ძველად პურის ცხობა, განსაკუთრებით ქართლსა და კახეთში, წმინდა საოჯახო რიტუალი იყო, რომელსაც ძირითადად თონეში ფიჩხითა და ვაზის წალამით აცხობდნენ. ცომს ბუნებრივი საფუარით ზელდნენ, თონის კედლებს მარილწყალს ასხამდნენ უკეთ მიკვრისთვის, ხოლო გამომხმარ პურს "პურის ხარშოს" მოსამზადებლად იყენებდნენ.
შოთი ხშირად არის მოხსენიებული ისტორიულ წყაროებშიც, როგორც ბრძოლაში საგზლად წასაღები საკვები. შოთს, იგივე "დედას პურს", პურის სახეობების მრავალფეროვნებით გამორჩეულ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს არის კახური პური, რომელსაც თონეში უმეტესად ქალები აცხობენ, უფრო ხშირად კი - ოჯახის უფროსი დედა, რომელიც მთელი გვარისთვის ერთ გობში ზელდა საპურე ცომს და თან ილოცებოდა. სიტყვა "მეგობარიც" და "დედას პურიც", სავარაუდოდ, აქედან წარმოდგება.
კახურ შოთს ხშირად ხმალს ადარებენ და სიყვარულით "ხმალასაც" ეძახიან. ის გრძელი და რკალისებური ფორმისაა, რომელსაც ერთ მხარეს სქელი ყუა აქვს, მეორე მხარეს - თხელი პირი, ბოლოები კი - წაწვეტებული.
განსაკუთრებული გემოსა და სურნელის გამო, "დედას პური" ეგზოტიკური საკვების ჩამონათვალში შედის.
თონე წმინდა ადგილად მიიჩნევა. ძველად სწამდათ, რომ პურის ცხობისას მიცვალებულთა სულებიც იქვე ტრიალებდნენ, ამიტომ ცომის ზელისას და თონის კურთხევისას მცხობელებს აუცილებლად ახსენებდნენ.
თონეში შოთის ცხობის ნახვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ხმლის ფორმის ცომს მცხობელები, გავარვარებულ თონეში გადაწეულები, ერთი ხელის მოქნევით აკრავენ - ერთმანეთის მიყოლებით, სიმეტრიულად, რამდენიმე ფენად. თონე რომ გაივსება, ზევიდან ფიცრებს ალაგებენ, რომ სიმხურვალე შეინარჩუნონ. შოთი გამოცხობისას სასწაულ სურნელს აყენებს, რაც რამდენიმე მეტრის მოშორებითაც სასიამოვნოდ იგრძნობა.
პურის გამოცხობის შემდეგ თონის თავზე მცირე პურმარილს შლიან: შოთი, ყველი, ღვინო, მწნილი, ვიჩინა... თონეში საკმეველს ჩაყრიან - ეს ტრადიციის შემადგენელი ნაწილია. ღვინით ხორბლის მომყვანსა და პურის მცხობელს ლოცავენ და ღმერთს მადლობას სწირავენ სარჩო-საბადებლისთვის, აგრეთვე მიცვალებულებს ახსენებენ ღვინით და ღვინოსაც თონეში წაუქცევენ - მიაგებოთ, ვისაც თონეზე ქეიფი უყვარდაო.
საქართველოს ვაზისა და ხორბლის ქვეყანას უწოდებენ. ეს სახელი უძველესი ისტორიიდან მოდის და ამას ადასტურებს ძვ. წ. V-IV ათასწლეულის ადამიანის სადგომებსა და სამარხებში აღმოჩენილი ხორბლისა და ყურძნის ნაშთი და მათთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო ნივთები. მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან 14 სწორედ ჩვენს ქვეყანაში მოჰყავთ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში, პურის მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყანაში, პურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ასეთი განწყობა საქართველოში ყოველთვის რიტუალის დონეზე იყო აყვანილი.
მას მოწიწებით ეპყრობოდნენ და უფრთხილდებოდნენ. ძველად შოთს დანით არ ჭრიდნენ და ხელით ტეხდნენ. აქედან იღებს სათავეს გამოთქმა "პური გავტეხოთ", რაც ტრაპეზობას ნიშნავს.
საქართველოში პურს განსაკუთრებით უხვად მიირთმევენ. ამიტომ, გემრიელი მოლხენისთვის პურის გემოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, შოთი კი ამ შემთხვევაში ყველას საუკეთესო განწყობას უქმნის.
პურის ქვეყანა
ქართველმა ერმა პური ცხობის რიტუალი საუკუნეების განმავლობაში შემოინახა და მას საკრალურობაც შეუნარჩუნა. ეს აღიარეს მსოფლიოშიც. იუნესკო-მ "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები' კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.
იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ "არამატერიალური კულტურული ელემენტის" სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება.