აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებით, სამშაბათს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, გააგრძელონ პირდაპირი მოლაპარაკებები "ორმხრივად შეთანხმებულ დროსა და ადგილას".
დისკუსიების დროს, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხარეებს შორის გამართული პირველი შეხვედრაა, შეერთებულმა შტატებმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები გასცდება 2024 წლის შეთანხმების ფარგლებს და ყოვლისმომცველ სამშვიდობო ხელშეკრულებას ჩაუყრის საფუძველს - ნათქვამია განცხადებაში.
"შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ორ მთავრობას შორის, აშშ-ის შუამავლობით უნდა იქნას მიღწეული და არა რომელიმე სხვა, ცალკეული არხის მეშვეობით", - აღნიშნულია დოკუმენტში.
აშშ-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებს აქვს პოტენციალი, გზა გაუხსნას ლიბანის მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას აღდგენითი სამუშაოებისთვის, ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ორივე ქვეყნისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას.
"ისრაელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში ყველა არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რაც რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას გააძლიერებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ლიბანმა, თავის მხრივ, "კვლავ დაადასტურა 2024 წლის ნოემბრის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადების სრული იმპლემენტაციის გადაუდებელი აუცილებლობა. მან ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობისა და სრული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებს, ამავდროულად კი მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა და კონკრეტული ზომების გატარება იმ მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად, რომელსაც ქვეყანა მიმდინარე კონფლიქტის შედეგად განიცდის".
წყარო: CNN