27 ნოემბერი 2026,   15:18
ვრცლად
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე -- მეუფე შიომ სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა

მახათას მთაზე სიჩუმეს წირვა-ლოცვის ხმა არღვევს. ტაძარში, რომელიც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისაა და რომელიც ქართველი ხალხის რწმენის და ერთიანობის სიმბოლოა, საზეიმო ღვთისმსახურება იწყება.

დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ხატი, რომელიც მეათე საუკუნიდან დღემდე ათონის მთაზეა დაბრძანებული მართლმადიდებლებისთვის უდიდეს სიწმინდედ მიიჩნევა. მისი ასლები შექმნილი და გავრცელებულია ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. ერთ-ერთი ასლი ახლა ღვთისმშობლის სავანეშია დაბრძანებული. ის პატრიარქის კურთხევით სამთავროს დედათა მონასტრიდან მახათას მთაზე გადმოაბრძანეს.

ხატის ისტორია მეცხრე საუკუნიდან იწყება. როდესაც ბიზანტიის იმპერატორი აწამებდა ყველას ვინც პატივს სცემდა სიწმინდეებს. ხატები ტაძრებიდან გამოჰქონდათ და საჯაროდ წვავდნენ. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ ურთულეს დროს გადარჩა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ივერიონის მონასტერში მოღვაწე ქართველმა ბერმა დააბრძანა.

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათ დღეს ამ ხატს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. წირვა-ლოცვაზე შეკრებილი მრევლი სიწმინდეს პატივს მიაგებს. საზეიმო ღვთისმსახურება დღეს პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ, ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი, -სწორედ ასე უწოდებდა ილია მეორე ტაძარს, რომელიც მისი ლოცვა კურთხევით აშენდა. სამონასტრო კომპლექსს მალე ახალი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი ექნება. დაგეგმილია მუზეუმის მშენებლობა, სადაც ქართულ სიწმინდეებს დააბრძანებენ.

ქრისტიანულ რელიგიაში ღვთისმშობელი, ქვეყნის მფარველი და იმედია, რომელიც ქართველებისთვის იდენტობის და რწმენის მთავარი ქვაკუთხედია.

 

დღის ამბები