ავიამზიდი, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნები და ამფიბიური სადესანტო ხომალდები - ამერიკული ფლოტი ომანისა და სპარსეთის ყურეებში შევიდა. მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში ოპერაციას კონკრეტული მიზნები აქვს: პენტაგონის ამოცანაა ისლამური რესპუბლიკის პორტების ბლოკირება, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლების აღკვეთა და აკვატორიის ნაღმებისგან გაწმენდა.
სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზად, ვაშინგტონი თეირანთან დიპლომატიური პროცესის ჩაშლას ასახელებს. გაირკვა, რომ პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე ისლამური რესპუბლიკა, ისრაელისა და შტატების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, არც ჰორმუზის სრუტის უპირობო გახსნას და არც ბირთვული პროგრამის დახურვას არ დათანხმდა.
შტატების გადაწყვეტილებას ისლამური რესპუბლიკის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. თეირანი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ პორტების ბლოკირების შემთხვევაში, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" საპასუხო ზომებს მიიღებს. თეირანის
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ირანულ პორტებში გემების მიმოსვლას დაბრკოლება შეექმნება, სპარსეთის ყურის არცერთ პორტს არ ექნება უსაფრთხოების გარანტია.
ცნობილია შტატების მთავარი მოკავშირის პოზიციაც. ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას და საჭიროების შემთხვევაში ომის განახლებისთვისაც ემზადება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკითხზე მისი კაბინეტი თეთრ სახლთან მუდმივ კოორდინაციაშია.
რეგიონში ესკალაციის ფონზე, ერ-რიადი ვაშინგტონისგან საზღვაო ბლოკადის მოხსნას და თეირანთან დიალოგის განახლებას ითხოვს. The Wall Street Journal-ის ცნობით, საუდის არაბეთში მიიჩნევენ, რომ ამერიკული სანქციები ირანს რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგებს, რაც შესაძლოა ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვით დასრულდეს, რომელიც ნავთობის ექსპორტის კიდევ ერთი კრიტიკული მარშრუტია. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მხარეებს მოუწოდებს ოფიციალური დოჰაც.
ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ცხელი წერტილი ახლა ლიბანია. მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმმა და ბეირუთმა ვაშინგტონში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს, ქვეყანაში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს და აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს. „ცაჰალის“ ინფორმაციით, გასულ ღამეს მომხდარი შეტაკებების შედეგად 10 ისრაელელი ჯარისკაცი დაიჭრა, კრიტიკულია სამის მდგომარეობა, ერთი სამხედრო კი დაიღუპა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.