უდაბნოში წარმოქმნილი კულტურული ფენომენი, რომელიც ყოველ წელს მსოფლიო მუსიკის სცენაზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს - კოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 27 მოექცა. 1999 წელს დაარსებული მუსიკალური ღონისძიება როკს, ინდის, ჰიპ-ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.
მუსიკალური ფესტივალი 2012 წლიდან, აპრილში, ზედიზედ ორ შაბათ-კვირას იმართება. კალიფორნიის უდაბნოში, 2026 წლის ფესტივალის პირველი უიქენდი შედგა. ოფიციალური მონაცემებით თითოეულ დღეს ასი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
საბრინა კარპენტერი, ჯასტინ ბიბერი და კეროლ ჯი - წლევანდელმა ჰედლაინერებმა ფესტივალზე მთავარი პერფორმანსები წარმოადგინეს.
პოპ-მუსიკა, განსაკუთრებული ქორეოგრაფია და ვიზუალური ეფექტები - 26 წლის ამერიკელმა მომღერალმა საბრინა კარპენტერმა ფესტივალი ენერგიული, ვიზუალურად დატვირთული პერფორმანსით გახსნა. Sabrinawood - ამ სახელწოდების წარმოდგენა მოკლემეტრაჟიანი ფილმით დაიწყო. კრიტიკოსების შეფასებით, მისი გამოსვლა ფესტივალის იდეალური დასაწყისი აღმოჩნდა.
დიდი დაბრუნება - ასე შეფასდა მთავარ სცენაზე ჯასტინ ბიბერის გამოსვლა. შოუს დაწყებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათებით ადრე, ტერიტორიაზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივარი საკუთარი კუმირის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა. მაყურებლის წინაშე შოუ ახალი ნამუშევრით All I Can Take-ით გახსნა, რასაც მალევე მოჰყვა სხვადასხვა დროს შექმნილი ძველი და ახალი კომპოზიციები.
ერთ-ერთ მომენტში ბიბერი ლეპტოპთან დაჯდა და YouTube არხი გახსნა და მსმენელს საკუთარი კარიერის განვითარება დიდ ეკრანზე გაახსენა. მან ძველი ჰიტები გულშემატკივრებთან ერთად შეასრულა.
დასასრულს არტისტმა მაყურებელს - Chris Brown-ის With You-ის ქავერი შესთავაზა, რომელსაც ფონად მისი ბავშვობის კადრები გასდევდა. ეს ნაწილი შოუს ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ მომენტად იქცა.
კეროლ ჯი პირველი ლათინო ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც ფესტივალი დახურა. არტისტმა სცენიდან სიმბოლური გზავნილები გააჟღერა, რომელიც ემიგრაციისა და იდენტობის თემებს უკავშირდებოდა. კრიტიკოსების შეფასებით, კეროლ ჯი ს დებიუტი არა მხოლოდ მუსიკალური წარმატება, არამედ კულტურული განცხადება იყო.
ფესტივალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა YouTube არხზე, რაც მილიონობით მაყურებელს აძლევდა შესაძლებლობას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ენახა შოუ.
ფესტივალის 27 წლიანი ისტორია არაერთი ვარსკვლავის პერფორმანსს ითვლის - მის სცენაზე სხვადასხვა დროს რედიოჰედი, ბიონსე, ლეიდი გაგა და სხვა ვარსკვლავები გამოდიოდნენ.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი