საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
"ატლანტიკურმა საბჭომ" თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, კეთილდღეობის ინდექსით კი ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი ისევ გამყარდა.
კეთილდღეობის ინდექსის 12-წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან კეთილდღეობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა 75 შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით.
2012 წლის შემდეგ დემოკრატიზაციით, საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. ატლანტიკური საბჭოს შეფასებით, ნატოს და ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, 2012 წლის შემდეგ დემოკრატიული პროგრესი მხოლოდ 8 ქვეყანამ განიცადა, მათ შორის, საქართველომ.
გარდა ამისა, საქართველო "ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის" კატეგორიაშიც მოხვდა.
"კეთილდღეობის 12 წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე ატლასზე, რომელიც გამოაქვეყნა ატლანტიკურმა საბჭომ. კეთილდღეობის თვალსაზრისით, საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა, ის 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს თავისი პოზიციების გაუმჯობესებას კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.