08 აგვისტო 2026,   07:51
ვრცლად
ლოცვა ჟესტების ენაზე - დეკანოზი გიორგი კალანდია ერთადერთი მოძღვარია საქართველოში, რომელსაც ღვთის სიტყვა სმენადაქვეითებულ მლოცველებამდე მათთვის გასაგებ ენაზე მიაქვს

ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება - რას აკეთებს, სად მიდის და რა არის მისი მიზანი. დეკანოზი გიორგი კალანდია სწორედ ასეთმა კითხვამ მიიყვანა ეკლესიამდე. ამბობს, რომ გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა. 2000 წელს მოინათლა და მალევე დათმო ცხოვრების ძველი წესი.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სწავლა სასულიერო სემინარიაში დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა კიდევ ერთი კითხვა - როგორ ესმით სმენადაქვეითებულ ადამიანებს ღვთის სიტყვა. პასუხის ძიებამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

შეისწავლა ჟესტების ენა, დღეს კი საქართველოში ერთადერთი მოძღვარია, რომელიც ღვთისმსახურებას ჟესტების ენაზე აღავლენს.

ჩვენი პირველი ინტერვიუ თითქმის ათი წლის წინ შედგა. მაშინ არავინ იცოდა, რომ სამების კედლებში მსახურებას აღავლენდა მამა გიორგი, რომლის სიჩუმეში ნათქვამი სიტყვები მლოცველებს ესმით. ერთადერთი მამაო საქართველოში... დიდი დრო გავიდა, მრევლი შეიცვალა, ჭაღარაც შეერია მაგრამ უხმო მსახურება არ შეცვლილა. ჩვენი შეხვედრის ადგილიც უცვლელია.

ლოცვას ხმა არ სჭირდება, მხოლოდ გულწრფელობა. 15 წლის წინ ამ გზის დასაწყისი ყველაფერი წარმოუდგენლად ჩანდა, პატრიარქმა დალოცა, აკურთხა. ჯერ ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე, შემდეგ წირვა ჟესტების ენაზე ითარგმნა...

როცა ენა ისწავლა, მათიანი გახდა. სულ ამბობს, რომ ეს ადამიანები უნდა გავიცნოთ, მოვუსმინოთ. მსახურების შემდეგ სამრევლო სკოლაში ღრმა ფილოსოფიური საუბრებია, საუბრობენ რელიგიაზე, ურთიერთობებზე, ხშირად ერთვებიან და იღებენ ვიდეოებს, იმისთვის, რომ ხმა რეგიონებს მისწვდეს.

უკან რომ მოიხედავს ამ სირთულეებს მაინც გაივლიდა. ანაფორას მაინც ჩაიცვამდა, სულ ფიქრობს - რა დავაკელი? ვინ იქნება ჩემს შემდეგო? პასუხს ისევ საკუთარი თავის ძიებამდე მიჰყავს.

ამბობენ, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულებს გაცილებით ძლიერი ემოციები აქვთ. ამიტომ, უფრო მეტად სწყინთ ან უხარიათ.

პრობლემებით, გულისტკივილით მიდიან სულიერი მამიდან ბატონ ამირანთან. ყრუთა კავშირის პრეზიდენტთან. მან სმენა ბავშვობაში დაკარგა, ბედნიერი ოჯახი შექმნა, მუდამ სხვების პრობლემას აგვარებს და მაინც სრულ ჰარმონიაშია.

ყრუთა კავშირი ის თბილი სახლია, სადაც საერთო ენა ყველამ იცის. ბატონი ამირანის თქმით, პრობლემები სულ არის. მაგრამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოების მიმღებლობა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭიერის" მერე საგრძნობლად შეიცვალა. თითქოს ხალხის ცნობიერება, დამოკიდებულება შეიცვალა.

ყრუთა კავშირის ოფიციალური პრეზიდენტი ბატონი ამირანია, არაოფიციალური მისი მეუღლე მაია. საქმეები გადანაწილებული აქვთ. მათი ისტორია კი სტუდენტობიდან იწყება. მათი ძალისხმევით ჟესტების ენა ოფიციალურად აღიარეს. ცნობიერების ასამაღლებლად გეგმები და სამუშაო კიდევ ბევრია, იქამდე კი, მამა გიორგი თავის სამლოცველოში მრევლს შემოიკრიბავს, სულიერად გააძლიერებს, იქნებ ერთ დღეს საქმის გამგრძელებელიც გამოუჩნდეს.

ჩვენი ინტერვიუ კი აქ სრულდება იმ პირობით, რომ 10 წლის შემდეგ კიდევ შევხვდებით. 

დღის ამბები