08 აგვისტო 2026,   04:58
ვრცლად
ვნების კვირეულის დიდი ხუთშაბათი - ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ლოცვის ხმა ისმის

ვნების კვირეულის დიდი ხუთშაბათი- ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში ლოცვის ხმა ისმის. მრევლი ტაძარში იკრიბება. მორწმუნეები ზიარებისთვის ემზადებიან. ქრისტიანულ რელიგიაში ეს არის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო.

დიდი ხუთშაბათი ეს არის დღე, როდესაც უფალმა ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან გაატარა.

სახარების მიხედვით, ქრისტემ სწორედ მაშინ, პირველად აზიარა მოწაფეები ევქარისტიის საიდუმლოს.

ქრისტიანული რელიგია მორწმუნეებს სიყვარულს ასწავლის. ამას მოგვითხრობს სახარებისეული ეპიზოდიც, როდესაც ქრისტემ სიყვარულის და მორჩილების ნიშნად 12ივე მოწაფეს ფეხთბანვბის რიტუალი ჩაუტარა.

დიდ ხუთშაბათს ეკლესია იხსენებს ეპიზოდებს წმინდა წერილიდან, რომელიც იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემას და გეთსემანიის ბაღში მაცხოვრის ლოცვას ეხება. ნახევარი საუკუნის მანძილზე პირველად დიდ ხუთშაბათს მრევლი ილია მეორის გარეშე შეხვდა.

ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. მეუფე შიომ მრევლს ქადაგებითაც მიმართა და თქვა, რომ ზიარების მიღება ეს არის გზა სულის ცხონებისა და ადამიანის ფერისცვალებისა.

დიდ ხუთშაბათს ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში წმინდა წერილიდან 12 ჯერ იკითხება ეპიზოდები, რაც ქრისტეს ცხოვრებას, მის ტანჯვას, წამებას და ჯვარცმას ეხება. სამ დღეში მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებენ.

დღის ამბები