თეირანში ვაშინგტონის ულტიმატუმს უკვე იცნობენ. რამდენიმე საათში შეერთებული შტატები ირანის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ელექტროსადგურებზე, ხიდებზე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიშების მიტანას დაიწყებს. თეთრი სახლი და პენტაგონი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" "ჯოჯოხეთით" და "ქვის ხანაში დაბრუნებით" ემუქრება.
პარალელურად, ღია რჩება დიპლომატიური ფანჯარა: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანისგან ბირთვული იარაღის შექმნაზე სამუდამოდ უარის თქმასა და მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული დერეფნის - ჰორმუზის სრუტის გახსნას ითხოვს.
მედია, წერს, რომ თეირანმა ვაშინგტონის პირობები არ გაიზიარა, ჩაიშალა პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე დიალოგის მცდელობებიც, რადგან მხარეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ერთმანეთისთვის წარდგენილი მოთხოვნები. ცნობილია, რომ ისლამური რესპუბლიკის მოთხოვნები საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტეში ირანის გავლენის აღიარებას და საერთაშორისო სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა.
შეერთებული შტატების ულტიმატუმის და მუქარის საპასუხოდ, ირანის ხელისუფლებამ მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდა. გზავნილის მთავარი ადრესატები ახალგაზრდები, სპორტსმენები, ხელოვანები და სტუდენტები არიან. ტელევიზიის ეთერში ახალგაზრდობის და მოზარდთა უმაღლესი საბჭოს მდივანმა თანამოქალაქეებს ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვების ორგანიზებისკენ მოუწოდა.
საომარი რიტორიკის ესკალაციის ფონზე გრძელდება ირანში შტატების და ისრაელის ერთობლივი საჰაერო ოპერაცია. მოკავშირეებმა ბუშირისა და ყაზვინის პროვინციებში მდებარე მიწისქვეშა სარაკეტო ბაზები, თეირანისა და შირაზის სტრატეგიული აეროდრომები, ასევე თავდაცვითი ინდუსტრიის საწარმოები და კვლევითი ცენტრები დაბომბეს.
ისლამური რესპუბლიკის თავდასხმის სამიზნე ისრაელი გახდა. გუშაგთან კორპუსმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქების და დასახლებების მიმართულებით სულ მცირე შვიდი რაკეტა გაუშვა, ათობით ლოკაციაზე ჩამოვარდა კასეტური საბრძოლო მასალა. ამ დროისთვის გავრცელებული მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი არიან დაჭრილები.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.