მორიგ მანიპულაციად და მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს მმართველი გუნდი მათი ოპონენტებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ნარატივს, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ დეკლარაციების შევსება შეწყვიტა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმაც და აღნიშნა, რომ ასეთ საკითხებში სხვა ქვეყნების პრაქტიკას არ იცნობს.
"ამ პრაქტიკას არ ვიცნობ, სხვა ქვეყნებში როგორ არის ვერ გეტყვით. მამუკა მდინარაძე ახლა არის სუს-ის უფროსი, მანამდე იყო საჯარო პოლიტიკურ თანამდებობებზე და იმ დროინდელი დეკლარაციები თუ არსებობს ესეც კარგია, იმ მხრივ, თუ ვინმეს აინტერესებს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ვერ გეტყვით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
უმრავლესობა ამბობს, რომ ეს სიცრუეა, პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, დეკლარაციები ივსება და ის სრულად ხელმისაწვდომია აუდიტის სამსახურისთვის. რაც შეეხება მათ საჯაროდ, ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებას, ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ პასუხობს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში, მათ შორის ამერიკაში, ისრაელსა თუ დიდ ბრიტანეთში, სადაც სპეცსამსახურების მუშაობის სტანდარტი მაღალია, არათუ ხელმძღვანელის, არამედ რიგითი თანამშრომლის დეკლარაციაც კი საჯაროდ არ ქვეყნდება, რადგან დოკუმენტები შეიცავს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა საცხოვრებელი მისამართი და სხვა პირადი ინფორმაცია, რისი ღიად დატოვებაც დაუშვებელია.