"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავდასხმა გარდაცვლილ პატრიარქზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სააკაშვილი ილია მეორის მოსკოვში ვიზიტს იხსენებს და პატრიარქის მაშინდელ გზავნილებს საკუთარ თავს უკავშირებს.
"2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა - "ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა". ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი," - წერს სააკაშვილი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები მუდმივად ებრძოდნენ ავტორიტეტებს, ახლა კი მათთვის მიუღებელი, ეკლესიისა და პატრიარქის გარშემო ქართველი ხალხის ერთიანობა აღმოჩნდა.
"პატრიარქის 49-წლიანი მოღვაწეობა არის გაჟღენთილი ჩვენი ქვეყნის სიყვარულით. არ იყო წუთი და წამი, როდესაც პატრიარქი არ იცავდა ქვეყნისა და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილი და მისი 9 წლიანი მმართველობა იყო გაჟღენთილი ღალატით, სიძულვილით ჩვენი ეკლესიის მიმართ.
მთელი მისი მოღვაწეობა არის დისკრედიტაცია ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის. სააკაშვილის საქმიანობა მაგით იყო სწორედ ნაკარნახევი, რომ მაქსიმალურად მიეყენებინა ზიანი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესებისთვის. მისი მმართველობის განმავლობაში, ჩვენ ამის არაერთი ფაქტი ვიხილეთ.
49-წლიანი პატრიარქობა არის მაგალითი ქვეყნის მსახურებისა, ხოლო სააკაშვილის საქმიანობა არის მაგალითი ქვეყნის ღალატისა და სწორედ ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, როდესაც ჩვენ ამ ადამიანის სტატუსს ვკითხულობთ," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი გაბუნია.