08 აგვისტო 2026,   06:59
ვრცლად
"პატრიარქის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება" - მიტროპოლიტი შიო

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

"დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს. ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს ჩვენ მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება. უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით. აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები - ჩვენი ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და მწუხარების გამოსახატავად. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული," - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც მოქალაქეები, კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ, წირვის შემდეგ, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა. ტაძარში მრევლის ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ჩამოდიან. დღეს უწმინდესის დაკრძალვიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები