ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის მასშტაბით, “ჰეზბოლას” ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებენ. მათივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით სამიზნეზე მიიტანეს იერიში.
"ცაჰალის" ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული მიზანმიმართული დარტყმის შედეგად "ჰეზბოლას" ორი მაღალი თანამდებობის პირი, აიუბ ჰუსეინ იაკუბი და იასერ მოჰამედ მუბარაკი დაიღუპნენ.
"ღამის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანის სხვადასხვა რაიონში ჰაერიდან და ზღვიდან ათობით სამიზნეს შეუტიეს სახმელეთო ჯარების მხარდასაჭერად და ამ რეგიონში “ჰეზბოლას” შესაძლებლობების შესამცირებლად. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო იარაღის საწყობები, გამშვები პუნქტები, სამხედრო ობიექტები და ტერორისტული ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ობიექტები," - ნათქვამია განცხადებაში.
"ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს გადამწყვეტ მოქმედებას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, რომელმაც გადაწყვიტა ისრაელზე თავდასხმებს შეუერთდეს და ირანის ტერორისტულ რეჟიმთან ერთად იმოქმედოს. "ცაჰალი" არ დაუშვებს, რომ ისრაელის მოსახლეობას ზიანი მიადგეს". - აღნიშნულია განცხადებაში.