მაღალმთიან აჭარაში, მთების მწვერვალებთან ახლოს, ჭრელა-ჭრულა ქსოვილებში, ფერად ძაფებსა და ნაირგვარ ფერებში ვიკარგებით.
აჭარის მთებში, სოფელ ინწკირვეთში მცხოვრები 100 წელს მიღწეული თამარ შარაშიძე ახლაც ქარგავს. ისე, როგორც თითქმის საუკუნის წინ, როცა ქორწილისთვის ემზადებოდა. გათხოვებამდე ერთი თვით ადრე, მზითვში წასაღებად, ნაირ-ნაირი გადასაფარებლების მოქარგვა დაიწყო. მომავალი დედამთილისა და მამამთილის საჩუქრად კი - წინდების ქსოვა. მაღალმთიან აჭარაში ქალების ეს ტრადიციული ხელსაქმე გათხოვების შემდეგაც ბევრ რამეს განსაზღვრავდა.
თამარ შარაშიძე: დედამ მასწავლა. წინდებს ვქსოვდით, ვქარგავდით, ბალიშების პირებს, უნდა წაგეღო მზითვში. სილამაზე გვინდოდა, 16 წლის ვიყავი რომ გავთხოვდა.
წლების წინ, მთაში მცხოვრები ქალისთვის ქსოვა და ქარგვა ყველაზე გავრცელებული და საპასუხისმგებლო ხელსაქმე იყო. მაღალთიან აჭარაში ნაქარგობების მზითვი ყველა ქალს უნდა ჰქონოდა - რაც მეტი და მრავალფეროვანი, მით უფრო ფასობდა პატარძალიც.
ფატი შარაშიძე: 100 წლის ტრადიციაა აჭარაში ეს წინდები. ვქსოვდით, რომ გავთხოვდეთო. დედამთილისა და მამამთილისთვის უნდა მიგვეტანა წინდები, ზამთარში რომ არ შეცივნოდათ. ისე არ მიგიღებდა დედამთილი. ჩემმა რძალმაც იცოდა ქსოვა, აბა, ისე რაფერ მოვიდოდა ჩემთან?!
თქმულებების სიუჟეტები უთვალავი ფერებით თეთრ მიტკალზე, ყვავილები, ორნამენტები, ფარშევანგები, ირმები, "ვეფხისტყაოსნის"" პერსონაჟები - ზამთრის გრძელ ღამეებში თვეობით იქარგებოდა. ნამუშევრებს ქორწილამდე ერთმანეთს არ უჩვენებდნენ, ოჯახის შექმნის შემდეგ კი სტუმრებისთვის გამოფენდნენ. პატარძალს ქმრის სახლში სხვა უამრავი საქმეც ელოდა. ხელსაქმეს ბავშვობიდან, 10 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. ნაქარგობა მზითვის აუცილებელი ელემენტი იყო. სამზითვოდ ნაქარგ ტილოებს კი, ხელნაქნარებს უწოდებდნენ.
ნაზი ათაბაგი: ღამეებს ვათანებდით. გვინდა, რომ ჩვენმა მომავალმა შეინარჩუნოს ეს ძველი ტრადიცია. წინაპართა ტრადიცია. მე მასწავლა ჩემმა დედამთილმა, მე ვასწავლე ჩემს რძალს.
ქსოვასა და ქარგვას ნაზი ათაბაგი, ახლა უკვე რძალს ასწავლის.
მზითვში მიჰქონდათ მრავალფერად მოქარგული კედლის ტილოები, ნაქსოვი ქისები, თავსაკრავები, თავსაბურავები. ამ ნივთებიდან ნაწილი ახალი ოჯახის წევრებისთვის სასაჩუქრედ იყო განკუთვნილი, ნაწილი სახლის სხვადასხვა ოთახის მოსართავად გამოიყენებოდა. განსაკუთრებულად ირთვებოდა პატარძლის ოთახი - "რძლის ოდა". თავმომწონე პატარძალს მზითვში 20-30 ცალი ნაქარგი მაინც უნდა წაეღო.
სოფელ ინწკირვეთში, ამ იისფერ ხის სახლში ძველი ტრადიცია საუკუნის შემდეგ ჩვენს თვალწინ ცოცხლდება, ფანჯრებიდან და აივნებიდან გადმოფენილი ათასგვარი ნაქარგობებით.
და ასე, ნესმსიც, ძაფიც და ქსოვილებიც ხელიდან ხელში გადადიოდა, ოჯახები კი ამ ტრადიციას თაობებს უნახავდნენ. როგორც აჭარელი ქალები გვიყვებიან, ხელსაქმის ტრადიცია თითქმის მივიწყებული იყო და ოცი წლის წინ ისევ მიუბრუნდნენ. ახალგაზრდებს ემაყებათ, რომ წინაპრების საქმეს განაგრძობენ. ქარგვასა და ქსოვას ასწავლიან სოფლის სკოლაშიც.
აჭარელი მთის ქალების ხელნაქნარები უკვე მსოფლიოშიც გაიცნეს. ცოტა ხნის წინ, სოფელ ინწკირვეთს, ფრანგი, იტალიელი და ესპანელი სტუმრები ეწვივნენ. ისინი სწორედ აჭარელი ქალების ნამუშევრების გასაცნობად ჩამოვიდნენ. გეგმავენ, რომ ნაქარგები ევროპული მოდის ინდუსტრიისთვის შეარჩიონ და თანამედროვე მოთხოვნებს მოარგონ.
ნაზი ათაბაგი: ჩვენ ბებიებმა და დედებმა გვასწავლეს, გვინდა, რომ ჩვენს შვილებს გადავცეთ. არ უნდა დაიკარგოს ეს ძველი ტრადიცია. ირმის გამოსახულებები უყვარდათ ძალიან, რადგან ირემი სიმშვიდის სიმბოლოდ ითვლებოდა. ორნამენტებში იგრძნობა რომაული გავლენები. აკვანზე, ბავშვის თეთრეულზე ქარგავდნენ ხოლმე შვილების სახელებს.
აჭარის მთებში, იქ, სადაც ფერდობებსა და ტყეებში ჩაკარგული ფერადი სახლებია, ისევ ქარგავენ. იმედი აქვთ, რომ ქალების ხელით დღემდე შემონახული წარსული და ტრადიციული ხელსაქმე შთამომავლობას კიდევ დიდხანს დარჩება.
აჭარული ნაქარგობა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია შესული.