18 ივნისი 2026,   13:11
ვრცლად
არჩევნები დანიაში - ვადამდელი არჩევნების შედეგების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ ხმების ისტორიული მინიმუმი აიღო

დანიაში, ვადამდელი არჩევნების შედეგების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ ხმების ისტორიული მინიმუმი აიღო. ეგზიტპოლის თანახმად, 19-პროცენტიანი მხარდაჭერა სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, 1901 წლის შემდეგ, მიღებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მეტ ფრედერიკსენის მთავრობამ დაშლის შესახებ შეტყობინება დანიის მონარქს უკვე გაუგზავნა. ახალი მთავრობის ფორმირებისთვის კოპენჰაგენში ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი იწყება. მმართველი "წითელი ბლოკის" პარტიებს სულ 84 დეპუტატი ეყოლებათ, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის კი საჭიროა 90 მანდატი, რაც ოპოზიციური ლურჯი ბლოკის ხმებს საჭიროებს. არ არის გამორიცხული, რომ ფრედერიკსენმა პრემიერის პოსტი ვეღარ შეინარჩუნოს. გადამწყვეტი სიტყვა ოპოზიციონერ ლარს რასმუსენს ექნება.

დანიის მმართველი პარტიის მიერ ისტორიული მინიმუმის დაფიქსირებას დღეს თბილისში გამოეხმაურნენ. მმართველი გუნდის წევრების თქმით, რიგგარეშე არჩევნებმა აჩვენა, რომ სკანდინავიური ქვეყნის მთავრობას საკუთარი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ამ ფონზე კი ფრედერიკსენი და მისი პარტია, მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული "ქართული ოცნების" აქტიური კრიტიკოსია და საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერისთვის აქტიურად იცლის. რეალურად კი, საკუთარი მოქალაქეებისგან ამის არც პოლიტიკური და არც მორალური მანდატი არ გააჩნიათ.

ფედერიკსენის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ სოციალ-დემოკრატების შედეგი არაფერს წყვეტს, რადგან დანიის ახალი ფორმაციის ხელისუფლებაც ქართული ოპოზიციის მხარდაჭერას განაგრძობს.

ქართული ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების წახალისება დანიის ხელისუფლების პრიორიტეტებში არ უნდა იყოს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. ქართველი კანონმდებლების აზრით, უმჯობესია დანიის ახალი მთავრობა არჩევნების შედეგზე დაფიქრდეს და იმ პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირდეს, რამაც ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანა.

დანიაში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მეტ ფრედერიკსენის მეთაურობით შექმნილმა კოალიციამ საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგა და პრაქტიკულად ქვეყანას ვეღარ მართავდა. ახლა კოპენჰაგენს წინ ხანგრძლივი პოლიტიკური მოლაპარაკებები ელის, რომელმაც შესაძლოა სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჰეგემონია დაასრულოს.

დღის ამბები