09 აგვისტო 2026,   16:47
ვრცლად
მზეში, წვიმაში, ქარში, განურჩევლად ასაკისა და იმისა თუ რა დროს აჩვენებდა საათი, ხალხის ნაკადი სამების ტაძართან არ შეწყვეტილა - ერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოეთხოვა

2026 წლის 22 მარტი - დუმდა სიონი. ზუსტად ისე, როგორც მაშინ და როგორც იმ ლექსში, თუმცა სულ სხვანაირად და ხმამაღლა ისმოდა ხალხის დუმილი, რომელიც პატრიარქს ემშვიდობებოდა. სულ სხვანაირი იყო ამ წელს გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც უჩვეულოდ დიდმა გლოვამ აქცია. დღე, როდესაც სევდის მდუმარება და გალობის ხმა ერთმანეთს ისე ენაცვლებოდა, თითქოს კანონზომიერებას ასე დაეწერა. და ალბათ კანონზომიერია ისიც, რომ იყო დიდი გზა, ბევრი გზა და იყო უკანასკნელი გზაც, რომელიც სიონის ტაძრამდე მივიდა. იქ, სადაც პატრიარქმა ილია მეორემ პირველი წირვა აღავლინა, მისი მარადიული განსასვენებელი გახდა. აღსრულდა მისი ნება - ყველაზე უხუცესი პატრიარქი იქ დაიკრძალა, სადაც თავად სურდა.

სამგლოვიარო ზარების ხმამ მოიცვა საქართველო. ერთი მიმართულებით მიდიოდა მთელი ქვეყანა და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა ყველა ერთად სამების საკათედრო ტაძარს. და შემდეგ იყო მანძილი სამების ტაძრიდან საპატრიარქო ტაძრამდე - მანძილი, რომელიც დიდმა გლოვამ მოიცვა.

განთიადსა და დილას შორის ზღვარი იშლება, ბოლო ღამე სრულდება და ბოლო დღე იწყება.

ერი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს უნდა გამოეთხოვოს. დილის 09:00 საათი – საკათედრო ტაძარში წირვა იწყება. სამგლოვიარო ლიტურგიას კათოლიკოსის პატრიარქის ტახტის მოსაყდრე სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს. ერი და ბერი, ლოცვითა და გალობით ილია მეორეს ემშვიდობება.

სამების საკათედრო ტაძარში ხუთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაურია. დელეგაციას ვატიკანიდან გზავნის რომის პაპი. უწმინდესთან გამოთხოვება ათასობით ოფიციალურ თუ სასულიერო პირს სურს. საქართველოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მსოფლიო პატრიარქი ჩამოდის. ჩამოდის და საქართველოს პატრიარქს თეთრი გვირგვინით ემშვიდობება, რომელიც სიწმინდეს განასახიერებს.

12 საათი - ილია მეორეს წესს ბართლომეოს პირველი, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უგებს.

სამგლოვიარო პროცესია სიტყვით მიმართვებით გრძელდება. მრევლს და ქვეყანას ბართლომეოს პირველი მიმართავს. "ილია მეორე იყო ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად ანაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას"- ამბობს კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი. ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი ილია მეორეს ემშვიდობება.

პატრიარქს ემშვიდობება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.

სასულიერო პირებს, ხელისუფლების პირველი პირები ცვლიან. გამოსათხოვარი სიტყვა პატრიარქის ღვაწლსა და სევდაზეა, იმ სევდაზე, რომელსაც სიტყვებიც ვერ იტევს.

სიტყვა ისევ მდუმარებამ შეცვალა. სამების საკათედრო ტაძრიდან პატრიარქის გამოსვენება იწყება, პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ მიემართება. თბილისის ქუჩებში უჩვეულო სევდის ხმაურია. და ასე მდუმარედ, ყვავილებით, ცრემლით, მხედრობის და დროშების რიგში, ყველა ერთად ილია მეორეს უკანასკნელ გზაზე მიაცილებს. რეგიონებიდან და ქვეყნის ფარგლებს გარედან- თბილისში დღეს სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ.

6 დღიანი გლოვა, სამების საკათედრო ტაძარი და ხალხის ზღვა, რომელსაც ვერც ტაძრის ეზო იტევდა და ვერც ქუჩები...

მზეში, წვიმაში, ქარში - განურჩევლად ამინდისა, განურჩევლად ასაკისა და განურჩევლად იმისა თუ რა დროს აჩვენებდა საათი, ხალხის ნაკადი არცერთი წამით არ შეწყვეტილა...

წლების წინ - პატარა ირაკლიდან დიდ ილიამდე - ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და ჭადრების რიგში გახვეული ქუჩები, მისი სიყვარულით სავსე ხალხის ტალღებს ვეღარ დაიტევდა. იყო გლოვა, სამგლოვიარო პროცესია, ბევრი ცრემლი და ბევრი მოგონება - მასთან მიახლოება და მისი დალოცვა ყველას სურდა.

2026 წლის 17 მარტის საღამო იყო, ქვეყანას ერთ თვეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უნდა ეზეიმა, ტრადიციულად მოესმინა პატრიარქის ეპისტოლეც, თუმცა ქვეყანას პატრიარქზე სულ სხვა ამბავი ამცნეს.

სევდა, რომელმაც ამ ცნობის შემდეგ დაისადგურა, კიდევ დიდხანს შემორჩება ადამიანთა გულებსა და ქვეყანას. რთული იყო ეს დღე და ყველა შემდეგიც, რომელიც მას მოჰყვა, თუმცა ალბათ მაინც ყველაზე მძიმე დღევანდელი იყო. დღე, რომელიც დასაწყისსა და დასასრულზე ერთდროულად მოჰყვება- დღე, როდესაც მზიანი ღამე დასრულდა, თუმცა მზიანი მარადისობა დაიწყო.

დღის ამბები