08 აგვისტო 2026,   00:51
ვრცლად
საქართველოს სულიერი წინამძღოლი, კომპოზიტორი და მხატვარი - ილია მეორე 20-მდე ხატის ავტორია

სიყვარულით, რწმენით, იმედით და პატივისცემით დაწერილი ათეულობით ხატი იმ სულიერი გზის ანარეკლია, რომელსაც ის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიჰყვებოდა - ილია მეორეს განსაკუთრებით ფიროსმანი უყვარდა. მოსწონდა ფერთა სიმრავლე, თავად კი, პატრიარქის პალიტრას მუქი ფერები ქმნიდა. ამბობდა, რომ ხატი სარკმელია, საიდანაც ადამიანი ცაში იყურება.

თვითნასწავლ მხატვარს საკუთარ ნამუშევრებთან დაკავშირებით ცვალებადი დამოკიდებულება ჰქონდა, იყო თვითკრიტიკული. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ნამუშევარი რამდენჯერმე გადაუწერია.

1978 წელს დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მოხატვა მისი პატრიარქობის დასაწყისს დაემთხვა. ეს პერიოდი საქართველოში საეკლესიო ხელოვნების აღორძინებას უკავშირდება. იმ დროს პატრიარქი ხშირად ესწრებოდა ფრესკების რესტავრაციისა თუ შექმნის პროცესს, ამხნევებდა და ლოცავდა მხატვრებს, მალე კი ფუნჯი ხელში თავადაც აიღო.

"ჩვენთან არს ღმერთი," "მაცხოვარი," "ძველთა დღეთა," "ღვთისმშობელი ოდიგიტრია," "მთავარანგელოზები," "წმინდა დავით წინასწარმეტყველი," "ღვთივდაცული საქართველო" - მისი უწმინდესობა ოცზე მეტი ხატის ავტორია. თითოეული მათგანი თემატურად და ტექნოლოგიურად მრავალფეროვანია.

მის ფუნჯს ეკუთვნის ყოვლადწმინდა სამების ხატი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. დღეს ხელოვნებათმცოდნეები მის უნიკალურობაზე საუბრობენ. ხატი, სამების საკათედრო ტაძრისთვის შეიქმნა. ნამუშევარში ერთდროულად ჩანს როგორც ავტორისეული ხედვა, ასევე ტრადიციის გაგრძელება.

ეკლესიის ისტორიაში არის შემთხვევები, როცა ხატები უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელთა მიერ იქმნება, მაგრამ არც ძველად და არც ახლა, ილია II-ის გარდა, სხვა მხატვარი პატრიარქი ცნობილი არაა.

ერის სულიერი წინამძღვარი წერდა, ხატავდა, ქმნიდა საგალობლებს - უამრავი ნიჭით იყო დაჯილდოებული.

მისთვის ხელოვნება ღმერთთან შემოქმედებითი ურთიერთობის ფორმა იყო, რასაც ათწლეულების განმავლობაში საკუთარ ხალხს უზიარებდა და რაც ისტორიის ფურცლებზე საუკუნოდ დარჩება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები