საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.
მინისტრმა დაათვალიერა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დაახლოებით 46 000 მცხოვრებს მოემსახურება. პროექტი რეგიონში ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას, შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების რისკებს და ხელს შეუწყობს წყლის რესურსებისა და ეკოსისტემის დაცვას. პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარის ღირებულებისაა და ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით.