თინა ხიდაშელის "სამოქალაქო იდეას" ახალი მისამართი აქვს - პრაღა ჩეხეთ-ტაივანის ასოციაციის შენობა. თავდაცვის ექს-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩეხეთში ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში დაარეგისტრირა. საუბარია ენჯეოზე, რომელიც ხიდაშელის საქართველოში მოქმედი ორგანიზაციის ზუსტი ასლია. თინათინ ხიდაშელის სახელი ტაივანს წარსულშიც არაერთხელ დაუკავშირდა. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ამჯერად მისი ქმედება გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლის პირდაპირი დასტურია. ქართულ პოლიტიკაში ე.წ. შავი ფულის შემოდინების წყაროდ კი, პარლამენტის სპიკერის თქმით, ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები იქცნენ.
რა მიზნით დასჭირდა "სამოქალაქო იდეის" ფაქტობრივი ასლის ჩეხეთში დარეგისტრირება და რა მიზანს ემსახურება მიღებული პირველი ტრანში, რომელიც ხიდაშელისა და მისი შვილის სახელზე უკვე ჩაირიცხა - ამ კითხვით კურიერმა დღეს თინათინ ხიდაშელს მიმართა. თუმცა, მან განმარტებების გაკეთებას თავი აარიდა. ხიდაშელის პოზიცია დღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას გუნდის წევრებმა დაიცვეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, ქართულმა კანონმდებლობამ არასამთავრობოებს უბიძგა ევროპაში დარეგისტრირდნენ. რაც, მათ საქართველოში ოპერირებას გაამარტივებს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიზნები მმართველი გუნდისთვის იდენტურად გამოიყურება.
"ქართულ ოცნებაში" მათ საერთო ლობისტებსა და პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ხიდაშელის ენჯეო კანონით გათვალისწინებული სანქციების გვერდის ავლის პირველი მაგალითი არაა. პოლიტიკოსების აზრით, საუბარია კონკრეტულ სქემებზე, რომელზეც მარტა კოსი და ლორა თორნთონი გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან მალევე ღიად საუბრობდნენ. უცხო ქვეყანაში ფორმალური გადაბარგების მიზანი კი ლობისტების ინსტრუქციების შეუფერხებლად შესრულებაა.
თინათინ ხიდაშელის "სამოქალაქო იდეა", რომლის სახელიც არაერთხელ ტაივანს დაუკავშირდა, პირველი ქართული ენჯეო არაა, რომელიც უცხო ქვეყანაში დარეგისტრირდა. საზოგადოებამ უკვე ნახა "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და რამდენიმე მედიასაშუალება, რომლებმაც ფიქტიურ რეგისტრაციის წერტილად ტალინში არსებული უფუნქციო შენობა მიუთითეს.