08 აგვისტო 2026,   03:48
ვრცლად
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რიგით მე-9 რეზოლუცია მიიღო - დეპუტატების ნაწილმა ტრიბუნა, პარტნიორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე სასაუბროდ გამოიყენა და მათი გათავისუფლება მოითხოვა

438-37-ის წინააღმდეგ- ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რიგით მე-9 რეზოლუცია რამდენიმე საათის წინ მიიღო. დოკუმენტი სახელწოდებით "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები"- ევროპარლამენტი ხოშტარიასა და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლებას, კონკრეტული კანონების გაუქმებას და მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვს. საბოლოო ტექსტი ევროპელმა დეპუტატებმა რამდენიმე შესწორებით მიიღეს. ჩაიწერა მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარიც.

კენჭისყრას წინ უძღვოდა დებატები. სხდომა ევროპარლამენტში თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა. ევროდეპუტატების ნაწილმა ტრიბუნა, პარტნიორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე სასაუბროდ გამოიყენა და მათი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ევროპელი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა კი ბევრი ისაუბრა თბილისის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზე. ღიად და არაერთხელ ითქვა, რომ ევრო გაერთიანებამ საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი უნდა შეწყვიტოს და გადავიდეს დიალოგზე, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

ევროდეპუტატების ნაწილმა, რეზოლუციის ავტორებს დღეს ელენე ხოშტარიას წარსული სხდომათა დარბაზს გარეთაც შეახსენეს და თქვეს, რომ პოლიტიკურ დევნაზე საუბარი აბსურდულია. ევროპარლამენტარებისთვის საეჭვო თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმიანობა და მისი რუსული ფინანსებია.

უჩნდებათ, თუ არა შეკითხვები ელენე ხოშტარიას რუსულ შემოსავლებზე, თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერი რეზოლუციის ავტორებს? - "კურიერის" შეკითხვის საპასუხოდ, მარკეტა გრეგოროვა დღეს ამტკიცებდა, რომ ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსების შესახებ ინფორმაცია პირველად ესმის.

ჩეხ ევროპარლამენტარსა და მის თანამოაზრეებს, ქართული ოცნებიდან ურჩიეს, ხოშტარიას რუსულ ანაზღაურებასთან ერთად, მისი დანაშაულებრივი ქმედებებითაც დაინტერესდნენ. სტრასბურგში მყოფი საპარლამენტო დელეგაცია, არც დებატებს და არც კენჭისყრას არ დასწრებია, რადგან ევროპარლამენტში უკვე მეცხრედ გამეორებული სცენარი მათთვის აბსურდულია.

ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებაზე, საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევასა და ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სტრასბურგში უკვე მესამე დღეა საუბრობენ. ქართული დელეგაცია კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ორმხრივი პარტნიორობის საკითხს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ საქართველოს პოზიციასაც განიხილავს.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფისთან, ასევე ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან. განხილვის მთავარი თემა საქართველოს მიერ არჩეული კურსი, ევროინტეგრაცია და თანამშრომლობის საკითხები იყო.

დღის ამბები