ქართული დელეგაცია, უკვე მესამე დღეა, სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ევროპარლამენტში კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების წევრებთან ორმხრივი პარტნიორობის საკითხს განიხილავენ.
დეპუტატების თქმით, აქცენტი კეთდება ევრობიუროკრატიის ორმაგ სტანდარტზე.
შეხვედრები გაიმართა ევროსაბჭოშიც. ქართულმა დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
"ფრანგ ევროპარლამენტართან, ტიერი მარიანთან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, ვისაუბრეთ რეგიონულ გამოწვევებზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონი, და ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. საინტერესო გამოვიდა საუბარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობასთან, რომელიც კონკრეტულად თითოეულ მიმართულებას კურირებს, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხორციელდება და მიმდინარეობს. დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა შარშან, კონკრეტული რეზოლუციის პროექტში, ამ შემთხვევაში გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ნაყოფიერი საქმიანობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, პასეში, რომელიც თავის მხრივ უნდა წარმოადგენდეს ევროპის კონტინენტის სხვადასხვა სახელმწიფოს ხალხების ინტერესებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული ევრობიუროკრატების ინტერესებს," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.