01 აგვისტო 2026,   20:08
ვრცლად
ვლადიმერ ღუდუშაურმა დაადასტურა, რომ შესყიდვები მიმდინარეობდა ჯუანშერ ბურჭულაძის პირდაპირი დავალებით - პროკურორი

საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ რამდენიმე პირის პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ მოწმედ წარადგინა უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით არის დაკავებული.

ღუდუშაურმა დღეს პროცესზე თქვა, რომ იზიარებს გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიაყენა, რასაც ნანობს, მისივე თქმით, ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძე ინფორმირებული იყო.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდებული ვლადიმერ ღუდუშაური, რომელმაც დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ ეს შესყიდვები მიმდინარეობდა ჯუანშერ ბურჭულაძის პირდაპირი დავალებით. ამაში ჩართული იყო მინისტრის მოადგილეც, გიორგი ხაინდრავაც. ასე ვთქვათ, ყველაფერი აღიარა მოცემულ სხდომაზე ბრალდებულმა.

ყველა მოწმემ, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, რომლებიც შედიოდნენ კომისიის შემადგენლობაში, იგივე დაადასტურეს, რომ კომისია ტარდებოდა ფორმალურად, ისინი არასდროს არ იკრიბებოდნენ და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე აწერდნენ ხელს," - განაცხადა საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები