ისრაელმა ირანის დედაქალაქში დარტყმების მორიგი ტალღა დაიწყო. აფეთქებების ხმა ისმის ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის გარეუბანშიც. ისრაელის განცხადებით, იერიში თეირანსა და ქალაქ თავრიზში იყო "ცენტრალურ სამეთაურო ცენტრებზე, სადაც ირანის ტერორისტული რეჟიმის მებრძოლები იყვნენ განლაგებული".
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა. მანამდე, ისპაჰანში, ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაზე თავდასხმის შედეგად, დაზიანდა რუსეთის საკონსულო. არავინ დაშავებულა.
ამ დარტყმებზე საპასუხოდ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ომის დაწყებიდან ყველაზე მძიმე და ინტენსიური ოპერაცია დაიწყო. შედეგად, მთელი ღამის განმავლობაში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა იერუსალიმსა და თელ-ავივში.
ირანმა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული წერტილია, ნაღმების განთავსება დაიწყო. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა სრუტის მახლობლად 16-მდე დამნაღმველი გემი გაანადგურა.
ოპერაციის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "TRUTH SOCIAL"-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ირანი გააფრთხილა, რომ სრუტეში განთავსებული ნებისმიერი ნაღმი დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღებული.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ბაღდადში. ერაყელმა სამხედროებმა 5 დრონის განეიტრალება შეძლეს. დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ამავე დროს, ნავთობის ფასები, ხანმოკლე ვარდნის შემდეგ, დასტაბილურდა. "როიტერსის" ინფორმაციით, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ, ნავთობზე ფასების შემცირების მიზნით, თავის ისტორიაში ნავთობის რეზერვების ყველაზე მასშტაბური გამოთავისუფლების ინიციატივა წარადგინა.