წერილი, ევროკავშირის სანქციების აღსრულების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა დევიდ ო"სალივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს თავად გამოუგზავნა. ტექსტის ავტორი ხელისუფლებას სანქციების აღსრულებაში დახმარების გამო მადლობას უხდის და სამომავლო პარტნიორობაზე საუბრობს. გზავნილი 5 მარტს არის გაკეთებული, თუმცა ის საგარეო უწყებას 9 მარტს ჩაბარდა. სახელისუფლებო გუნდში არ გამორიცხავენ, რომ დაგვიანების მიზეზი, გარკვეული ძალების მხრიდან დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების თემისთვის აქტუალობის მისაცემად დაიმალა.
ყულევის ტერმინალის გარდაუვალ დასანქცირებაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, დღეს, გერმანიის ელჩს შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის სპიკერმა, დიპლომატის მხრიდან, უფლებამოსილების მორიგ დარღვევაზე გააკეთა აქცენტი და ფიშერს სიცრუის ტირაჟირებისთვის ბოდიშის მოხდა ურჩია.
მედიასთან არ გამოჩენილა თავად პეტერ ფიშერი. "რუსთავი 2-მა" გერმანიის საელჩოს ოფიციალური წერილიც მიწერა კითხვით - რა ფაქტების არსებობაზე საუბრობდა ელჩი ყულევის ტერმინალში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ოპერირებასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ელჩის და ქართველი ოპოზიციონერების მსგავსი შინაარსის განცხადებებს არქივი მრავლად ინახავს.
ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა. ის ვინც ადრე რუსული სანქცირებული ტვირთების რეექსპორტზე ხმამაღლა საუბრობდა დღეს ამბობს, რომ მთავარი მტკიცებულება გაურკვეველი რეპუტაციის ჟურნალისტური გამოძიება იყო. მეორე ნაწილი კი მსგავსი შინაარსის განცხადებების გამო გერმანიის ელჩს აკრიტიკებს.
ოპონენტების განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, გერმანიის ელჩისა და ოპოზიციის სინქრონიზებული კამპანია მათ საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოქმედებას ადასტურებს. ო"სალივანის წერილმა კი ყველა სპეკულაციური სივრცე ჩაკეტა.
ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტში ყულევის ტერმინალი არ მოხვდება. ევროგაერთიანების წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას სანქციების პირნათლად აღსრულებისთვის მადლობაც გადაუხადა. სამომავლოდ კი, ამ კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.