წერილი ბრიუსელიდან, ავტორი - დევიდ ო"სალივანი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში, ადრესატი - მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. გადაწყვეტილება, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი, როგორც ო"სალივანი წერილში განმარტავს, საქართველოს ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორის პოზიტიური ვალდებულება გახდა, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას.
დევიდ ო"სალივანის წერილამდე იყო, კიდევ ერთი წერილი, რომელიც ამჯერად ბრიუსელში საქართველოდან გაიგზავნა. მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება, თავიდან აიცილოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები. წერილში საგარეო უწყების ხელმძღვანელი, განმარტავს, რომ ყველა ნავსადგურში დაინერგა კომპლექსური, რისკზე დაფუძნებული რეჟიმი, რომელიც პრევენციული ზომების მკაცრად გამოყენებას უზრუნველყოფს.
ევროკავშირს ამ დროისთვის 605 გემი ჰყავს დასანქცირებული. იმ მტკიცებულებების მიხედვით, რომ ისინი ჩართული იყვნენ მაღალი რისკის მქონე საზღვაო გადაზიდვის პრაქტიკაში. სანქციები ვრცელდება იმ ტანკერებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადააქვთ სანქცირებული საქონელი ან მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში. ევროკავშირი მუშაობს იმისთვის, რომ შეამციროს რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულება და გააძლიეროს ძალისხმევა რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვით. ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში, ე.წ.„ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო განიხილებოდა, თუმცა საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან მიღებული არგუმენტირებული ინფორმაციის შედეგად დადასტურდა, რომ ყულევში სანქცირებული გემები არ შესულან.
მართალია ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტში აღარ განიხილება, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები მაინც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
დევიდ ო"სალივანის გადაწყვეტილება, ყულევის პორტთან დაკავშირებით, სპეკულაციებისთვის საბოლოოდ წერტილის დასმას ნიშნავს სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველა დეზინფორმაციულ კითხვას, არგუმენტირებული პასუხი გაეცა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს დერეფანი, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე, ტვირთების უსაფრთხოდ და კანონიერად გადაზიდვის საუკეთესო ალტერნატივაა.
სანქციების საკითხებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და იმ კონკრეტული მექანიზმების დანერგვას, რომელიც ხელს უშლიან საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს აკრძალული საქონლის რუსეთში ტრანზიტისთვის, ან რეექსპორტისთვის.