არ არსებობს მტკიცებულება, რაც ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას გაამართლებდა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
"ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიიდან იმ წერილის მიღება, რომელიც სანქციების პაკეტიდან ყულევის ამოღებას შეეხება. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ვიმუშავეთ ევროკომისიასთან. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას გაამართლებდა. მტკიცებულებების არარსებობისა და ვერწარმოდგენის შემთხვევაში, ბუნებრივია, გამართლებული ვერ იქნებოდა ყულევის შეყვანა მეოცე პაკეტში. ამასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ევროკომისიასთან. პირველივე დღიდან, როდესაც გავიგეთ ამ პროექტში ყულევის საკითხის არსებობის შესახებ, მოვითხოვეთ, ევროპულ მხარეს წარმოედგინა, რა იყო ასეთი ნაბიჯის საფუძველი. რა თქმა უნდა, ასეთი საფუძვლები ვერ იქნა წარმოდგენილი. სამაგიეროდ, ჩვენ ევროკომისიის მხარეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, რას აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად არ იყოს გამოყენებული. ამაში საქართველო ნამდვილად მოწინავეა. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა. სწორედ ეს არის რეალურად საფუძველი იმისა, რომ ევროკომისიამ უკან წაიღო შემოთავაზება, რაც ყულევის ნავსადგურის სასანქციო პაკეტში ჩადებას შეეხებოდა. ამის დასტურია კიდევ ერთხელ ბატონი სალივანის წერილი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიაში არ შევა. შესაბამისი ოფიციალური წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.