საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საკანონმდებლო საქმიანობა, პარლამენტის თავმჯდომარის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრების მთავარი განსახილველი საკითხები იყო. პირველ კანონმდებელთან შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საუბარი კი მათ შორის ბოლო დროს მიღებულ კანონებს უკავშირდებოდა. ქართულმა მხარემ დელეგაციას განუმარტა, რომ კანონმდებლობა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოა და დემოკრატიის დაცვაზეა ორიენტირებული.
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საპარლამენტო ოპოზიციასთან გადაინაცვლა. ამის შემდეგ, დელეგაციამ შეხვედრები პარლამენტს მიღმა მყოფ პარტიებთან დაიწყო. "ლელო", კოალიცია "ცვლილებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" - დღის მეორე ნახევარი ამ პოლიტიკურ ძალებთან საუბარს დაეთმო. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ მათ ინტერესში არსებული ყველა საკითხი განიხილეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უმაღლესი რანგის დელეგაციაა, სწორედ ამიტომ ოპოზიციას დღეს იმის განმარტებაც დასჭირდა, როგორაა ქვეყანა იზოლაციაში და ხელისუფლება არაღიარებული მაშინ, როდესაც თბილისში მაღალი რანგის ვიზიტები იმართება.
დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია, ეუთოს დელეგაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
საქართველოში ვიზიტზე მოკლედ, თუმცა მაინც ისაუბრა თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. მისი თქმით, 2 დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრა ყველა მთავარ პოლიტიკურ აქტორთან და ლიდერთან, რის შემდეგაც ვიზიტს შეაჯამებენ.
ქვეყნის შიგნით და საქართველოს გარშემო განვითარებულ პროცესებზე გამახვილდა ყურადღება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს წარმომადგენლებთან საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრებენ.
პერე ჟოან პონსის ხელმძღვანელობით ჩამოსული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის 2 დღიანი ვიზიტი ხვალ დასრულდება.
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, შეხვედრა დაგეგმილია სახალხო დამცველთანაც. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან სტუმრობით დაიწყო. ორგანიზაცია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს.