სამთავრობო ალიანსის მეორე ადგილი და ოპოზიციის გაორმაგებული რეიტინგი - გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში ჩატარებული არჩევნების წინასწარი მონაცემებით, კანცლერ ფრიდრიხ მერცის მმართველი პოლიტიკური ძალა ხმების 29.7%-ით მეორე ადგილზე გავიდა და "მწვანეებს" ჩამორჩა. ამ ფონზე შედეგები გაიუმჯობესა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" და საკუთარი რეიტინგი 2021 წლის შემდეგ, 9.7%-დან 18.8%-მდე გაზარდა.
ფედერალური მხარის "ლანდთაგში" პოლიტიკური ძალების გადანაწილებას საკუთარ ინტერპრეტაციას და შეფასებას აძლევს საქართველოში გერმანიის ელჩი. პეტერ ფიშერი პოლიტიკურ გზავნილს ავრცელებს და სინანულს გამოთქვამს იმ ადამიანების გამო, რომლებიც საქართველოში იმედებს პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიის გამარჯვებაზე ამყარებდნენ. ფიშერი პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციური პარტია ხელისუფლებაში ვერ მოვა.
სწორედ საერთაშორისო სამართლის დოკუმენტის დარღვევის კვალიფიკაციას აძლევს დიპლომატის ამგვარ განცხადებას ვენის კონვენციის 41-ე მუხლი. აღნიშნული აქტი ადგენს, რომ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით მოსარგებლე პირები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებს. ელჩის მოვალეობაა არ ჩაერიოს სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
საკუთარი განცხადებით პეტერ ფიშერი პირდაპირ არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს. დიპლომატი ღიად გამოხატავს ანტიპათიას იმ პარტიის მიმართ, რომელიც ქვეყანაში რეიტინგით მეორე ადგილზეა. აღნიშნული ქმედება კი ეწინააღმდეგება გერმანიის კანონმდებლობას, კერძოდ კი "ფედერალურ საჯარო მოხელეთა შესახებ" აქტის 60-ე მუხლს. ნორმა ნებისმიერ თანამშრომელს ავალდებულებს, იყოს მიუკერძოებელი და ემსახუროს მთელ საზოგადოებას და არა რომელიმე პარტიას.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგების საკუთარი შეფასება დღეს გამოაქვეყნა. განცხადება დიპლომატის "იქსის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე