ვენის კონვენციის დარღვევა, საქართველოს მტრობა, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება - კონსპირაციული შეხვედრის მონაწილეების მიმართ, დუმილის ყველა მომდევნო დღეს, ბრალდებები მძიმდება. უკვე მე-4 დღეა საიდუმლო შეხვედრის დეტალებს, საიდუმლოდ ტოვებენ პეტერ ფიშერი და ნინო ლომჯარია. რა განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ? თბილისი დარწმუნებულია, რომ ბერლინიდან მოვლენილი დიპლომატი პარტნიორ "ენჯეოებთან" ფარულადაც იმავეს აკეთებს, რასაც ღიად - განიხილავს საქართველოს დაზიანების გზებს.
რატომ გააპარა გერმანიის ელჩმა, ყოფილი სახალხო დამცველი? ჩხეიძის 38-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე დიპლომატიური ავტომობილით და ერთი მგზავრით შესრულებული საიდუმლო რეისი გერმანული ესთეტიკის ელემენტებს ატარებდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილს არც ფიშერის დადგმული სცენა უკვირს და არც მასთან მისული ლომჯარიას მოთხოვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია - მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. სპიკერისთვის ელჩი ქართულ-გერმანულ პარტნიორობას ანგრევს, ყოფილი სახალხო დამცველი კი, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, მათ დასჯას ცდილობს.
ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების სურვილი არც მათ და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, თუმცა ვერ უარყოფენ, რომ კონსპირაციების სრული დაცვით გამართულმა შეხვედრამ მათაც კითხვები გაუჩინა.
სწორედ საუბრის შინაარსის გასაჯაროებას და განმარტებებს ითხოვს "ქართული ოცნება" გერმანიის ელჩის მხრიდან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პეტერ ფიშერი, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში აქტიურად ერევა, ვალდებულია განმარტოს, რა საქმიანობას ეწევა საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობისთვის გამყარდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გერმანელი დიპლომატი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არეულობის მორიგ სცენარზე მუშაობს.
გერმანიის ელჩისა და ყოფილი სახალხო დამცველის 6 მარტის შეხვედრის დეტალებზე, "კურიერის" შეკითხვებს არ პასუხობს დიპლომატიური სამსახური. არც ნინო ლომჯარია, რომელიც პეტერ ფიშერმა, საელჩოდან საკუთარი ავტომობილით და თან ფარულად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოიყვანა.