19 ივნისი 2026,   03:50
ვრცლად
ირანს ახალი ლიდერი ჰყავს, რომლის პირველი ბრძანებაც ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა იყო - რა ვითარებაა სპარსეთის ყურეში და როგორ აისახა ომი ნავთობის ფასებზე

ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად - რაჰბარად-სეიედ მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეი აირჩია. ეს ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ძალაუფლება მამიდან შვილზე გადავიდა. 56 წლის სასულიერო პირი ალი ხამენეის მეორე ვაჟია. თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად, უმცროსი ხამენეი ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, თუმცა საჯაროა მისი პირველი განკარგულება: ხამენეიმ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება გასცა.

ისრაელის მიმართულებით დღეს ირანმა სარაკეტო იერიშების შვიდი სერია განახორციელა. თავდასხმის სამიზნე ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რეგიონები გახდა. საჰაერო განგაშის სიგნალები ერთმანეთის მიყოლებით ჩაირთო თელ-ავივში, ჰაიფასა და იერუსალიმში. ქალაქ იეჰუდში კი კასეტური ბომბით განხორციელებულ დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა.

ირანმა იერიში ბაჰრეინზეც მიიტანა, რის შედეგადაც სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი. "როიტერი" წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებისა და რეგიონული დესტაბილიზაციის ფონზე, ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100-დოლარიან ნიშნულს.

გრძელდება ირანის დაბომბვაც. ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებულმა ძალებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. სარაკეტო დარტყმების სამიზნე ისპაჰანის პროვინციაში განთავსებული სტრატეგიული ავიაბაზები გახდა.

პენტაგონი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის მიზნად თეირანის უპირობო კაპიტულაციას ასახელებს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ოპერაციაში „ეპიკური რისხვა“ 50 000-ზე მეტი სამხედროა ჩართული. კოალიციურმა ძალებმა ათი დღის განმავლობაში ირანის ტერიტორიაზე იერიში 3 000 სამიზნეზე მიიტანეს.

ამერიკისა და ისრაელის დარტყმების ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტას და ვაშინგტონთან დიპლომატიური მოლაპარაკებების აღდგენას გამორიცხავს. უწყების განმარტებით, თეირანი თავდაცვის რეჟიმში იქამდე დარჩება ვიდრე მოკავშირეები დარტყმებს არ შეწყვეტენ.

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ერთ-ერთ სცენარად ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას განიხილავს. გამოცემა "აქსიოსის" ინფორმაციით, აშშ და ისრაელი ირანში სპეცდანიშნულების რაზმის გაგზავნის საკითხზე მსჯელობენ. ოპერაციის მთავარი ამოცანა გამდიდრებული ურანის ხელში ჩაგდებაა.

 

ავტორი:ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები