საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.
"აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში, მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.