ვინ იქნება ჩრდილოეთ კორეის მომავალი ლიდერი? ეს კითხვა პერიოდულად ისევ აქტიურდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კიმ ჩენ ინი საჯაროდ საკუთარ ოჯახთან ერთად ჩნდება. ბოლო პერიოდში ყურადღება მისი ქალიშვილის გამოჩენამ მიიპყრო, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ფხენიანი შესაძლოა უკვე ნელ-ნელა ამზადებდეს ახალ მემკვიდრეს. თუმცა სახელმწიფოში, სადაც ძალაუფლება ათწლეულებია ერთი ოჯახის ხელშია, სამომავლო გეგმების შესახებ თითქმის არავინ საუბრობს.
ბოლო სამხედრო ღონისძიებებზე კიმ ჩენ ინის გვერდით კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი ქალიშვილი, კიმ ჯუ-ე. გოგონა ლიდერის გვერდით იდგა, ისეთ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ მხოლოდ სამხედრო ხელმძღვანელები ან ყველაზე გავლენიანი პირები ხვდებიან. კიმისა და მისი ქალიშვილის ერთობლივი გამოჩენა ბევრისთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ნელ-ნელა აჩვევს ახალ ფიგურას. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ინფრომაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავისი ქალიშვილი მემკვიდრედ უკვე აირჩია.
კადრებმა განსაკუთრებული ყურადღება კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა - კიმ ჩენ ინი და მისი ქალიშვილი თითქმის ერთნაირი სტილით იყვნენ ჩაცმულები. მსგავსი დამთხვევა ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურ კულტურაში ხშირად სიმბოლურ გზავნილად აღიქმება. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უბრალო დეტალი არ არის და შესაძლოა მიზანმიმართულად იყოს შერჩეული, რათა საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ლიდერის გვერდით უკვე დგას ადამიანი, რომელიც ერთ დღეს მის ადგილს დაიკავებს. ასეთ ქვეყანაში, სადაც თითოეული კადრი კონტროლდება, ვიზუალური მსგავსებაც ხშირად პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ქალიშვილის ზუსტი ასაკი ოფიციალურად არ არის ცნობილი. თუმცა საერთაშორისო ანალიტიკოსების და დაზვერვის შეფასებების მიხედვით, იგი სავარაუდოდ დაახლოებით 12-13 წლისაა.
რატომ არ ასახელებს კიმი მემკვიდრეს?
ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური სისტემა მთლიანად დინასტიურ პრინციპზეა აგებული. ძალაუფლება უკვე სამი თაობაა ერთ ოჯახში გადადის. მიუხედავად ამისა, მემკვიდრის საჯაროდ გამოცხადება ყოველთვის რთული გადაწყვეტილებაა.
როგორც წესი, ასეთი ნაბიჯი მხოლოდ მაშინ კეთდება, როცა ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ელიტა - სამხედროები, პარტიული ხელმძღვანელები და უსაფრთხოების სტრუქტურები, ამ არჩევანს მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიდა კონკურენცია შეიძლება ძალიან სწრაფად გაჩნდეს.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზიც. კიმის ქალიშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ამიტომ, ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მისი ხშირი გამოჩენა უფრო სიმბოლური ნაბიჯია, ხელისუფლება საზოგადოებას უბრალოდ აჩვენებს, რომ ძალაუფლება ისევ კიმების ოჯახში დარჩება. სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, კიმ ჩენ ინი საკუთარ ქალიშვილს, ნამდვილად მომავალ ლიდერად ამზადებს, თუმცა ჩრდილოეთ კორეას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია
კიმის და - ქალი, რომელიც კულისებიდან მართავს
ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა კიმ ჩენ ინის და, კიმ იო-ჯონგი. იგი წლებია ძმის ერთ-ერთ ყველაზე ახლო თანამოაზრედ მიიჩნევა და ხშირად ჩნდება სახელმწიფო ღონისძიებებზე.
კიმ იო-ჯონგი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პროპაგანდისა და პოლიტიკური განცხადებების მომზადებაში. საერთაშორისო მედია მას ხშირად აღწერს, როგორც ადამიანს, რომელსაც დიდი გავლენა აქვს კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებებზე. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ მისი რჩევის შემდეგ მიიღება.
ვინ არის კიმ ჩენ ინი?
კიმ ჩენ ინი ხელისუფლებაში 2011 წელს მოვიდა, მას შემდეგ, რაც მისი მამა - კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა. მან ქვეყნის მართვა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ჩაიბარა და მალევე გაამყარა საკუთარი პოზიცია.
მისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი დღემდე ბუნდოვანია. ზუსტად არც ის არის ცნობილი, რომელ წელს დაიბადა. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა თარიღს ასახელებს. ეს საიდუმლოებები შემთხვევითი არ არის, ჩრდილოეთ კორეაში ლიდერის პირადი ცხოვრება ხშირად განზრახ დაფარულია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალგაზრდობაში კიმი გარკვეული პერიოდი შვეიცარიაში სწავლობდა. მოგვიანებით კი, მამის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანა გადაიბარა და ძალიან სწრაფად გახდა პოლიტიკური და სამხედრო სისტემის ცენტრალური ფიგურა.
იდუმალი მკვლელობა აეროპორტში - როგორ მოკლეს კიმ ჩენ ინის ნახევარძმა
კიმ ჩენ ინის ოჯახთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ისტორია 2017 წელს მოხდა. მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის აეროპორტში მოკლეს კიმის ნახევარძმა - კიმ ჩენ ნამი.
კიმ ჩენ ნამი კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ტერმინალიდან მაკაოში გამგზავრებას აპირებდა. ის რიგში იდგა, როცა მოულოდნელად ორი ახალგაზრდა ქალი მიუახლოვდა. თავდასხმა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ იქ მყოფი ადამიანების უმეტესობამ ვერც კი გაიგო, რა მოხდა.
პირველი ქალი მას წინიდან მიუახლოვდა და სახეზე რაღაც ნივთიერება წაუსვა. რამდენიმე წამში მეორე ქალი მივიდა, თითქოს ხუმრობით ხელები სახეზე მოუსვა და მაშინვე წავიდა. კამერებმა ორივე მოქმედება დეტალურად გადაიღო. თავდასხმა რამდენიმე წამს გაგრძელდა.
კიმ ჩენ ნამი მალევე მივიდა აეროპორტის პერსონალთან და უთხრა, რომ ვიღაცამ სახეზე რაღაც წაუსვა. რამდენიმე წუთში მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა - თავბრუსხვევა, ტკივილი და სუნთქვის გაძნელება დაეწყო. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.
VX - ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქიმიური იარაღი
მალაიზიის გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმაში გამოყენებული იყო ნერვული აგენტი VX. ეს ქიმიური ნივთიერება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ იარაღად ითვლება. VX ძალიან მცირე რაოდენობითაც კი საკმარისია ადამიანის მოსაკლავად.
ნერვული აგენტები ნერვულ სისტემას აზიანებენ. ისინი ბლოკავენ ორგანიზმის იმ პროცესს, რომელიც კუნთებს აკონტროლებს. შედეგად ადამიანი კარგავს სუნთქვის უნარს და სწრაფად იღუპება. VX საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული მასობრივი განადგურების იარაღია. სწორედ ამიტომ, მკვლელობამ მსოფლიო დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.
მალაიზიის პოლიციამ მალევე დააკავა ორი ქალი - ინდონეზიელი სიტი აისია და ვიეტნამელი დოან თი ჰიონგი. თავდაპირველად ისინი მკვლელობის მთავარ შემსრულებლებად მიიჩნიეს, თუმცა დაკითხვისას ქალებმა განაცხადეს, რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მკვლელობაში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, მათ უთხრეს, რომ მონაწილეობდნენ "გასართობ ვიდეოში", რომელიც ინტერნეტისთვის უნდა გადაეღოთ. მსგავსი სცენები მათ ადრე რამდენჯერმე ჰქონდათ შესრულებული - უცნობ ადამიანებს სახეზე სითხეს უსვამდნენ და კამერაზე იღებდნენ.
გამოძიების მიხედვით, სავარაუდოდ, სწორედ ამ "რეპეტიციებით" ამზადებდნენ მათ რეალური ოპერაციისთვის. ქალები ფიქრობდნენ, რომ შოუში მონაწილეობდნენ.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ თავდასხმის ადგილას იმყოფებოდა რამდენიმე ჩრდილოეთ კორეელი მამაკაცი, რომლებიც სავარაუდოდ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. თავდასხმიდან რამდენიმე საათში ისინი მალაიზიიდან გაემგზავრნენ და ქვეყანა დატოვეს.
საბოლოოდ ისინი ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდნენ.
რატომ შეიძლებოდა კიმ ჩენ ნამი საფრთხედ აღქმულიყო?
კიმ ჩენ ნამი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ - ძირითადად მაკაოსა და ჩინეთში. ის იშვიათად სტუმრობდა ჩრდილოეთ კორეას და ზოგჯერ საჯაროდაც აკრიტიკებდა ქვეყნის დინასტიურ მმართველობას. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ის ჩრდილოეთ კორეის პოტენციურ ალტერნატიულ ლიდერად შეიძლება განიხილებოდა. ასევე, გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ მას დასავლურ დაზვერვებთან კონტაქტიც ჰქონდა, თუმცა ამის ყველა დეტალი ბოლომდე დადასტურებული არ არის.
კიმ ჩენ ნამის მკვლელობამ ბევრი კითხვა დატოვა. ოფიციალურად პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კორეას არ აუღია, თუმცა მკვლელობის მეთოდმა, გამოყენებულმა ქიმიურმა იარაღმა და ოპერაციის ორგანიზებულმა ხასიათმა ბევრი ექსპერტი დაარწმუნა, რომ ეს შემთხვევა უბრალოდ კრიმინალური ისტორია არ იყო.
ეს იყო მკვლელობა, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და იდუმალ პოლიტიკურ სისტემაზე ბევრი რამ თქვა.
ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი კონტროლდება
ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ სახელმწიფოდ ითვლება. იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მკაცრი კონტროლის ქვეშაა. ქვეყანაში მედია მთლიანად სახელმწიფოს ეკუთვნის. უცხოური ინფორმაცია მოსახლეობამდე თითქმის არ აღწევს. ინტერნეტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეელები იყენებენ, ფაქტობრივად დახურული ქსელია და გლობალურ ვებს თითქმის არ უკავშირდება.
საზღვარგარეთ მოგზაურობა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე რთულია ქვეყნის შიგნით გადაადგილებაც - ბევრ შემთხვევაში სპეციალური ნებართვაა საჭირო. რეჟიმი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ მოსახლეობა უცხოურ კულტურას არ გაეცნოს. ამიტომ, უცხოური ფილმების, მუსიკის ან სერიალების გავრცელება მკაცრად ისჯება. ცნობილია შემთხვევებიც, როდესაც ადამიანებს სერიოზული სასჯელი მიუსაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ტელეფონში უცხოური ვიდეო აღმოუჩინეს.
ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა საკუთარ თავს სოციალისტურ სახელმწიფოდ მიიჩნევს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები მას ტოტალიტარულ რეჟიმად აღწერენ.
ქვეყნის ეკონომიკა სუსტია და მოსახლეობის ნაწილი მუდმივად საკვების დეფიციტს ებრძვის. გასული საუკუნის 90-იან წლებში შიმშილობამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა, ეკონომიკური პრობლემები დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
რატომ არის ბირთვული იარაღი კიმებისთვის ასე მნიშვნელოვანი?
ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია საერთაშორისო პოლიტიკაში. ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნას ათწლეულებია ცდილობს და უკვე რამდენიმე ბირთვული გამოცდაც ჩაატარა.
კიმების დინასტია მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღი მათი უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. მათი აზრით, ძლიერი სამხედრო ძალა ერთადერთი გზაა, რომ ქვეყანა უცხოურ ზეწოლას გაუძლოს.
ამიტომ, ჩრდილოეთ კორეა მუდმივად აგრძელებს სარაკეტო და ბირთვული პროგრამის განვითარებას, მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა და კრიტიკისა.
დღეს ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური სისტემა კვლავ ერთ ოჯახზეა აგებული. მომავალი კი კვლავ ბუნდოვანია, როგორც თავად ქვეყნის შიდა პოლიტიკა. თუმცა ისტორია აჩვენებს, რომ ძალაუფლება ამ სახელმწიფოში უკვე სამი თაობაა ერთი ოჯახშია. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ გოგონა, რომელიც ახლა მამასთან ერთად სამხედრო აღლუმებზე ჩნდება, ერთ დღეს თავად აღმოჩნდეს იმ ქვეყნის სათავეში, რომლის შესახებაც მსოფლიომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ იცის.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე