ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ქართული საფინანსო სისტემა მკაცრად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ ამერიკისა და სხვა საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს. რაც შეეხება "ინვესტბანკს", ის არ წარმოადგენს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს. შესაბამისად, ეს ფინანსური ინსტიტუტი ვერანაირად ვერ გახდება ფინანსური ტრანზაქციების გამტარი.
"ქართული საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ აშშ-ის და სხვა საერთაშორისო სანქციათა რეჟიმებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, კომერციული ბანკებისთვის შეიმუშავა შესაბამისი ჩარჩო, რომელთან შესაბამისობასაც სებ-ი პერიოდულად ამოწმებს ადგილზე ინსპექტირების გზით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, შემოწმებების პროცესში არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა.
რაც შეეხება „ინვესტბანკს“, ის არ წარმოადგენს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს. შესაბამისად, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი ვერანაირად ვერ გახდება ფინანსური ტრანზაქციების გამტარი
შეგახსენებთ, სს „კაპიტალ ბანკს“, იგივე სს „ინვესტბანკს“ 2016 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.