18 ივნისი 2026,   18:28
ვრცლად
ათასობით გაუქმებული საერთაშორისო რეისი, დაკეტილი აეროპორტები - ირანის თავდასხმები აღმოსავლეთის ქვეყნებზე

ამერიკამ დაიწყო სამთავრობო პერსონალის და მათი ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია იორდანიაში, ბაჰრეინში, ერაყში, კატარსა და ქუვეითში. გაუქმებულია ათასობით საერთაშორისო რეისი, დაკეტილია აეროპორტები.  

საუდის არაბეთში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების ეს წარმომადგენლობა გვიან ღამით ირანული დრონების სამიზნე გახდა. აფეთქებების შედეგად საელჩოს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალში ახლა პოლიციაა მობილიზებული, ტერიტორიაზე შეზღუდულია გადაადგილება.

საუდის არაბეთის მსგავსად, აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ქუვეითშიც. მიზეზი ირანული ბალისტიკური რაკეტა გახდა. მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად საელჩოს შენობაში მასშტაბური ხანძარია.

დახურულია ერაყში მდებარე ამერიკის საელჩოც. მედიაში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ცდილობს ირანის ხელისუფლების მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შტურმით აიღოს ბაღდადის ე.წ. "მწვანე ზონა", დაცული ტერიტორია, სადაც აშშ-ის დიპლომატიური უწყება მდებარეობს.

საელჩოებთან ერთად, ირანული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ის ათზე მეტი არაბული სახელმწიფო, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ათობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული.

უპილოტო საფრენი აპარატები უტევენ სამოქალაქო ობიექტებსაც. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირანულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კომპანია "ამაზონის" ორ ცენტრს დაარტყეს. თავდასხმა განხორციელდა ამერიკული კომპანიის ოფისზე ბაჰრეინშიც. ინციდენტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, კი საკუთარ საწარმოებზე განხორციელებული იერიშის შემდეგ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა.

აშშ-ისრაელის და ირანის კონფლიქტით გამოწვეული რისკების შეფასების საფუძველზე, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, იორდანიას, ბაჰრეინსა და ერაყს საგანგებო წესით ტოვებენ საელჩოების თანამშრომლები და დიპლომატების ოჯახის წევრები.  

ამავდროულად, შტატების საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.  

ახლო აღმოსავლეთში ომის მეოთხე დღეა. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიამ გლობალური მასშტაბით სხვადსხვა სფეროში გამოწვევები უკვე შექმნა. ირანის საჰაერო დარტყმების სამიზნე სპარსეთის ყურის ქვეყნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა.

დღის ამბები